ახალი ამბები

ევროპული საქართველო: პასუხისმგებლიანი ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს არეულობის შესაძლებლობებს

12 მარტი, 2017 • 1730
ევროპული საქართველო: პასუხისმგებლიანი ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს არეულობის  შესაძლებლობებს

მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამ გაურკვეველ და მძიმე ვითარებაში პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს არეულობის შექმნის შესაძლებლობებს და არ უნდა იყენებდეს ამ პროცესებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად.

გთავაზობთ განცხადების სრულ ტექტს: 

მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო გმობს 11-12 მარტს ბათუმში მომხდარ ძალადობრივ აქტებს. ეს ვანდალური პროტესტი, რომელიც პოლიციის მანქანების დაწვასა და კერძო საკუთრების და საჯარო ქონების განადგურებაში გადაიზარდა, ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ჩრდილს აყენებს მშვიდობიანი პროტესტის ტრადიციას, როგორც ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ლეგიტიმურ ინსტრუმენტს.

გუშინდელი ძალადობა, ასევე მასზე ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური პასუხი, ზოგიერთ შემთხვევაში ძალის გადამეტება, ძირითადად კი სრული უმოქმედობა, არის ივანიშვილის მთავრობის ხუთწლიანი მმართველობის შედეგი. მძიმე სოციალური ფონი, გაძვირებული ცხოვრება, ასევე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ივანიშვილის და არა ხალხის სამსახური, სუს-ის უპასუხისმგებლო და უკონტროლო ქმედებები, პატრულის შესუსტება, კრიმინალის ზრდა, ხელისუფლების მართული ძალადობრივი ჯგუფების გამოყენება და პოლიტიკური ძალადობის წახალისება არის იმ მთავარ მიზეზებს შორის, რომლებმაც გუშინდელი ქაოსი გამოიწვია.

მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპულ საქართველოს მიაჩნია რომ ამ გაურკვეველ და მძიმე ვითარებაში პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს არეულობის შექმნის შესაძლებლობებს და არ უნდა იყენებდეს ამ პროცესებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. სწორედ ამიტომ ევროპულ საქართველოს არც ერთ ეტაპზე სოლიდარობა არ გამოუცხადებია ძალადობრივი პროტესტისთვის.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ძალადობრივი სცენარები არ არის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესში და მხოლოდ აძლიერებს უპასუხისმგებლო ხელისუფლებას და ჩრდილს აყენებს მისი შეცვლის ერთადერთ უალტერნატივო გზას – დემოკრატიულ არჩევნებში მოქალაქეთა მაღალი აქტივობით ქართული ოცნების დამარცხებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი