ახალი ამბები

ბათუმში მომხდარ არეულობას ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა

12 მარტი, 2017 • 2137
ბათუმში მომხდარ არეულობას ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში გუშინ მიმდინარე არეულობა სახელმწიფოებრიობის ტესტად შეაფასა. იგი ამ პროცესს წუხელ ფეისბუკზე ჯერ კიდევ იმ დროს გამოეხმაურა, როდესაც ვითარება არ იყო დასტაბილურებული:

“არ შემიძლია უემოციოდ ვუყურო ბათუმში განვითარებულ სრულიად არანორმალურ, ანტისახელმწიფოებრივ და ქაოტურ მოვლენებს. ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისა და შეფასების დრო ახლა არ არის. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაზეც აუცილებელია დროული, გონივრული და მკაცრი რეაგირება მთავრობის მხრიდან!

ეს არის სახელმწიფოებრიობის ტესტი, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალზე, ამიტომ მშვიდი და ცივი გონებით მოქმედების დროა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსსამსახურის ცნობით ბათუმში გამთენიისას 40 მდე პირი დააკავეს.

შსს- დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს ჯერჯერობით, თუმცა როგორც “ნეტგაზეთს” განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს – 225-ე და 353-ე პრიმა, რაც ნიშნავს მასობრივი არეულობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, ანდა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობა. ისჯება 6-დან 9 წლამდე პატიმრობით.

და 353-  წინააღმდეგობა , მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან სხვა წარმომადგენლის მიმართ. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ანდა თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე. იგივე ქმედება ცადენილი ჯგუფის მიერ ისჯება 4-დან 7 წლამდე.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა და პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება გამთენიისას, 06.00 საათზე დაიწყო. მანამდე აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში წვავდნენ პოლიციის და მოქალაქეების ავტომანქანებს, ისროდნენ ქვებს, ჩაამსხვირეს მაღაზიების ვიტრინები.  პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აქციის მონაწილეების გაფანტვის შემდეგ ისევ იკრიბებოდნენ ბათუმის პოლიციის შენობასთან და წვავდნენ ავტომანქანებს. მთელი ღამის განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომ ცეცხლის ალში იყო გახვეული ავტომანქანები და ხე, არ გამოჩენილა სახანძრო მანქანები. ისინი იქ მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა სამართალდამცველებმა დაკავების ოპერაცია დაიწყეს.

ბათუმში ქაოსი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამთენიისას ჩაფრინდა თურქეთიდან ბათუმში. ასევე გამთენიისას ბათუმს შინაგ საქმეთა მინისტრი ეწვია.


ბათუმში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 11 მარტს დღისით პოლიციამ ბათუმში არასწორი პარკირებისთვის ერთი მოქალაქე დააჯარიმა, რომელმაც თვითხმილევების თქმით, ამის შემდეგ პოლიციელების მისამართით შეიგინა. ამის შემდეგ პოლიციამ დაჯარიმებული შვილი და მისი მამა დააკავა და დაკავებისას, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო პოლიციის წინააღმდეგ ბათუმში ორ ადგილას – “ბათუმი პლაზას” და პოლიციის შენობასთან. ორივე აქცია მოკლე ხანში გახდა ძალიან ხალხმრავალი.  ორივე აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა. მათი გათავისუფლების მოთხოვნით აქციამ პოლიციის შენობასთან ძალადობრივი ხასიათი მიიღო. პოლიციის შენობასთან აქციის მონაწილეები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას, რადგაც “აჭარლებს თათრები უწოდა”. თავად გორიდან არის ჩამოსულიო-, მიუთითებდნენ აქციის მონაწილეები. თუმცა “ბათუმელებთან” საუბარში აქციის მონაწილეები ვერ აკონკრეტებდნენ სად გამოიყენა პოლიციის უფროსმა ასეთი ტერმინები.

შუაღამისას ბათუმში დაკავებულები გაათავისუფლეს, თუმცა აქციის მონაწილეები ამის შემდეგაც წვავდნენ ავტომანქანებს და ისროდნენ ქვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი