ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმში მომხდარი არეულობის პოლიტიკურ ელფერზე საუბრობს

12 მარტი, 2017 • 3771
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმში მომხდარი არეულობის პოლიტიკურ ელფერზე საუბრობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ გუშინ მთელი ღამის მანძილზე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკური ელფერი აქვს:

“ზოგიერთი ჩვენი ოპონენტები, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გადაიყვანონ ეს სხვა სიბრტყეში, ეს ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. თქვენ ალბათ ხედავდით გუშინ, კადრებში ჩანდა სხვადასხვა პიროვნებები, პარტიის წარმომადგენლები. ჩვენ ვერ დავუშვებთ და არ დავუშვებთ ვანდალიზმს! ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, რომ ჩვენი შვილები იყვნენ ჩართულები მსგავს აქციებში. ჩვენ უნდა დავაცადოთ სამართალდამცავებს, რომ კვალიფიციურად და დროულად ჩაატარონ გამოძიება და უახლოეს პერიოდშ ჩვენ გვექნება დასკვნები”, – განაცხადა პატარაძემ.

ბათუმში გუშინ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბათუმი პლაზას მიმდებარედ პატრულმა ადმინისტრაციული წესით მამა–შვილი დააჯარიმა, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამას მოჰყვა ასობით ადამიანის პროტესტი. მათ დაწვეს პოლიციის მანქანები, გაანადგურეს ირგვლივ ქალაქის ინფრასტრუქტურა. დემონსტრანტები დილის 6 საათიდან დაიშალნენ, რის შემდეგაც პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმებმა დაიწყეს მოქმედება და დარჩენილი ადამიანების დაკავება. ბათუმში გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. დილის 10 საათისთვის დაკავებულია 40–მდე ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი