გიორგი მღებრიშვილი

შს მინისტრმა ბათუმში დაკავებული პირები გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მან გაითვალისწინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა და ბათუმში დაკავებული პირები გაათავისუფლა, თუმცა, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა.

“მე მივემგზავრები ბათუმში, რათა ადგილზე გავერკვე შემქნილ ვითარებაში. მე გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარსდგებიან,” – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, თუ საჭირო გახდა, დამატებითი ძალებიც იქნება მობილიზებული და საკადრო გადაადგილებებიც იქნება განხორციელებული:

“ის, რაც ახლა ბათუმში ხდება, ეს არის ყოვლად მიუღებელი, ამაზრზენი და ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მსგავსი პროვოკაციული მოქმედებები ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუშლის ხელს კანონის აღსრულებას, სამართალდამცავთა მუშაობას და ყველა ის პირი, ვინც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს, უმკაცრესად იქნება დასჯილი. უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ჩვენ ყველანი ვართ კანონის წინაშე თანასწორნი და ყველა ერთნაირად ვაგებთ პასუხს კანონის წინაშე.”

ინცინდენტი მოხდა 11 მარტს, „ბათუმი – პლაზასთან“, სადაც თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ აფთიაქთან გააჩერა მანქანა, პატრულმა ის დააჯარიმა და მოქალაქემ პატრულის მისამართით შეიგინა, პატრულის თანამშრომლებმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და „წიხლებით შეტენეს მანქანაში“. 

ინცინდენტიდან მოკლე ხანში „პლაზასთან“ საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც გაისმა მოთხოვნები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ პოლიციის უფროსი გორელია, იგი უნდა გადადგეს და „თათრებს“ ეძახის ადგილობრივ მოსახლეობას. აქციის მონაწილეები დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზასთან“ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნითაც.

აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები მიმოიფატნენ, თუმცა მოკლე ხანში აქცია განახლდა და ამჟამადაც გრძელდება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ საზოგადოებროვ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა, რომ ბათუმში 11 მარტს საღამოს საათებში მომხდარი მოვლენების შედეგად ბათუმის ორ კლინიკაში 21 პაციენტი, გადაიყვანეს, რომელთანაგნ, 10 პოლიციელია.

მისივე თქმით, მათ შორის, ყველაზე მძიმეა დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისივე თქმით, ჭეიშვილს სახის ძვლის ტრავმა აქვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.