ახალი ამბები

დეკლარაცია ლგბტი ადამიანების უფლებების დღის წერიგის შესაქმნელად

11 მარტი, 2017 • 15127
დეკლარაცია ლგბტი ადამიანების უფლებების დღის წერიგის შესაქმნელად

ლგბტი ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევების მოსაგვარებლად ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების შემუშავება და არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება ჰომოფობიის დასაძლევად  – ესაა ბიოლის ფონდის ორგანიზებით შემუშავებული დეკლარაციის ძირითადი მიზანი, რომლის პრეზენტაცია 10 მარტს შედგა.

აღნიშნული დეკლარაცია პროექტის “ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში” ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.

ანა ნემსიწვერიძე-დანიელსმა, “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს პროექტის კოორდინატორმა გვითხრა, რომ დეკლარაციას აქვს პირველი ზოგადი ნაწილი, რომელიც “ჯოგიოკარტას პრინციპებზეა” დაფუძნებული, რომ ჰომოფობია მიუღებელია, ხოლო ლგბტი ადამიანების უფლებები არის ადამიანის უფლებები და იგი დისკუსიის საგანი არ უნდა იყოს.

მეორე ნაწილი კი მოიცავს რეკომენდაციებს კონკრეტული უწყებების მიმართ თუ რა უნდა გააკეთონ ჰომო, ბი და ტრანსფობიის წინააღმდეგ საბრძოლველად. რეკომენდაციები შემუშავებულია საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოების მიმართ, ასევე მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.

ანა ნემსიწვერიძე-დანიელსი ამბობს, რომ ეს დეკლარაცია იქნება ადვოკატირებისა და ლობინგის საფუძველი კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებთან, რომ საკითხების გარკვეული ნაწილი აისახოს ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმებში.

ანა ნემსიძვერიძე-დანიელსი ამბობს, რომ სურთ, რომ ლგბტი საკითხებს სამოქმედო გეგმებში ცალკე თავი ჰქონდეს დათმობილი, სადაც დეტალურად აისახება ლგბტი ადამიანების საჭიროებები და არ იქნება მხოლოდ საუბარი სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულობებზე და იმაზე, რომ დისკრიმინაცია მიუღებელია.

ლიკა ჯალაღანია, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წევრი ამბობს, რომ ეს დეკლარაცია უპირველესად შეთანხმებაა იმაზე, რომ აღიარებენ, ჰომოფობიას, როგორც სოციალურ პრობლემას.

“ლგბტი ადამიანებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი განიხილებოდეს ადამიანის უფლებების ჭრილში, ეს არის მთავარი საკითხი. მოხდეს ამ საკითხის დეპოლიტიზება უშუალოდ პოლიტიკოსების, პარტიების წარმომადგენლების მხრიდან”, – ამბობს ლიკა ჯალაღანია.

ლიკა ჯალაღანია ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმ საერთაშორისო შეთანხმებების იმპლემენტაციაზე, რომელიც მას აქვს აღიარებული და გაითვალისწინოს უამრავი რეკომენდაცია, რომელიც თუნდაც 2016 წელს მისცეს. ამის ნაცვლად სახელმწიფო არის ქაოტური და ფრაგმენტული, რომელსაც არ აქვს სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკა და ვერ იაზრებს არსებულ პრობლემებს.

დეკლარაცია პროკურატურას მოუწოდებს იმისკენ, რომ ჰქონდეს დაგეგმილი პოლიტიკა – შეიმუშაოს სტრატეგია და პრევენციული დოკუმენტი თუ როგორ შეებრძოლება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს და ჰქონდეს გარკვეული ინსტიტუციური მექანიზმი, მაგალითად უწყებაში შექმნილი დანაყოფი, რომელიც იმუშავებს აღნიშნულ დანაშაულებზე..

პროკურატურას ასევე სთხოვენ, რომ შეიმუშაოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულობების  სტატისტიკა, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს დანაშაულობების პრევენციას, განსაკუთრებით ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში განიცდიან ძალადობას.

ლიკა ჯალაღანია ამბობს, რომ დეკლარაციის ადრესატები არიან ასევე მედიამ, რომელიც ხშირად დისკრმინაციულია ლგბტი ადამიანების მიმართ, უნდა დახვეწოს რეგულირების მექანიზმები, ამის საწინააღმდეგოდ სამაუწყებლო სივრცეები ხშირად არის გამტარი სიძულვილის ენის.

ლიკა ჯალაღანია ამბობს, რომ სახელმწიფო, რომელიც არ მუშაობს საზოგადოებაზე, არ უქმნის მას შესაბამის ცოდნას, ხელს უწყობს ორ ბანაკად დაყოფას, ეს კი მეორე მხრივ ხელს უწყობს იმას, რომ აქტივიზმს ხელი ეშლება.

“მაშინ როდესაც სახელმწიფო გარკვეულ აქტივობებს ახორციელებს, ისე რომ ბაზისს არ ვუქმნით საზოგადოებას, ცხადია ეს კიდევ უფრო დიდ დაცილებას იწვევს, კონსერვატიულ საზოგადოებასა და საკანონმდებლო ცვლილებებს შორის”, – ამბობს ჯალაღანია.

“სახელმწიფო გვიდგენს დღის წესრიგს. სამწუხაროდ, ჩვენ ვართ რეაქცია მათ დღის წესრიგზე. ამ დეკლარაციის მიზანი არის ის, რომ ჩვენ დავადგინოთ დღის წესრიგი. ეს არის სამოქალაქო საზოგადეობის და თემის წევრების ჩართულობით მომზადებული დოკუმენტი, რომლითაც ვცდილობთ, რომ ჩვენი მოთხოვნები და საჭიროებები გაიაზროს სახელმწიფომ”, – ამბობს ლიკა ჯალაღანია.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” დირექტორი ნათია გვიანიშვილი ამბობს, რომ ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია საქართველოში აღიქმება, როგორც ინდივიდის პრობლემა და არა როგორც საზოგადოების პრობლემა.

“ჩვენი, როგორც სოციალური ჯგუფის უფლებები გამოიყენება ხოლმე, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, გაცილებით სხვა და მაღალ დონეზე. ეს საკითხი არ გვეხება მარტო ჩვენ, გამოიყენება იმისთვის, რომ პოლიტიკური სურათი შეიცვალოს კონკრეტულ შემთხვევებში. ეს არ უნდა მეხებოდეს მარტო მე. ვინც არის თემის წევრი, ეს არის უფრო მაღალი დონის თამაში, რომელშიც ვართ ობიექტები და არ ვართ სუბიექტები”, – ამბობს ნათია გვიანიშვილი.

ნათია გვიანიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო კანონის მიღებას და მის ცხოვრებაში დანერგვას როგორც ერთ პროცესს ისე აღიქვამდეს, რეალურად კი ხელისუფლება იღებს კანონს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ იმპლემენტაციაში სერიოზული პრობლემებია და ამ ხარვეზების გამოსწორებაში ხელისუფლება არის ძალიან ხისტი.

გვიანიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რეალური ცვლილებებისთვის აუცილებელია, რომ პოლიტიკოსები დისკრიმინაციულ ენას შეეშვან, განათლების სისტემაში აღიარონ ის, რომ სექსუალობა, აღარ იყოს ტაბუირებული თემა და სკოლებში მოსწავლეების ბულინგი, მათ შორის ლგბტი ბავშვების, აღიარონ პრობლემად, ხოლო მედიამ უნდა ისწავლოს კრიტიკული შეკითხვების დასმა და არ აჰყვეს ჰომოფობიურ და პოპულისტურ განცხადებებს.

ამ დოკუმენტს შეუძლია, რომ უფრო ფორმალურ დონეზე მომუშავე ჯგუფები გააერთიანოს. მოძრაობაში მყოფ ადამიანებს გვიჭირს სრული სურათის აღქმა, სად ვისი ადგილია., არ არსებობს აქტივიზმის ერთი ფორმა, რომელიც არის 100%-იანი შედეგის მომტანი. ვიღაც უნდა იდგეს პლაკატით ხელში, რომ მეორე სხვა მივიდეს მთავრობასთან და უთხრას, რომ ის ადამიანი იქ პლაკატით რომ დგას, დგას ამიტომ და ამიტომ, ამბობს გვიანიშვილი.

“ჩვენ, ლგბტი ადამიანები, არ ვფლობთ ჩვენს დღის წესრიგს. ჩვენი დღის წესრიგი გამომდინარეობს ვიღაცების ჰომოფობიური გამონათქვამებისგან, მომატებული თავდასხმებისგან და ასე შემდეგ. მოძრაობას უნდა შეეძლოს თვითგამორკვევა, რას უნდა რომ მიაღწიოს. 5 წელიწადია ვამბობთ, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულობების აღმოფხვრა და პრევენცია გვინდა. ერთსა და იმავეს ვიმეორებთ დიდი ხანია, სწორედ იმიტომ რომ ჩვენი დღის წესრიგი გამომდინარეობს გამოწვევებისგან და არა იმისგან, რომ ჩვენ ჩვენს თავს ვხედავთ 10-15 წლის შემდეგ”, – ამბობს გვიანიშვილი.

დღევანდელი მდგომარეობით, დეკლარაციას 16-მა ორგანიზაციამ და გაერთიანებამ მოაწერა ხელი. დეკლარაციის ტექსტზე მუშაობაში ჩართული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები: “ქალების ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, “თემიდა”, “თანასწორობის მოძრაობა”, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი