ახალი ამბები

პრემიერის პასუხი ევროპარლამენტარებს

10 მარტი, 2017 • 6516
პრემიერის პასუხი ევროპარლამენტარებს

“ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო 2017 წლის 7 მარტით დათარიღებული თქვენი წერილი; განსაკუთრებით გამაოცა მასში გამოთქმულმა მძიმე ბრალდებებმა,” – საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპარლამენტარებს საპასუხო წერილს უგზავნის და მათ მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას ეხმაურება.

“მედიის თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია ჩვენი კონსტიტუციით, არის ღირებულება, რომელსაც როგორც მთავრობა, ისე საზოგადოება, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს ისტორიის არც ერთ სხვა პერიოდში არ ყოფილა შეხედულებათა ასეთი მრავალფეროვნება, აზრთა ასეთი პლურალიზმი და დაუბრკოლებელი ცხარე პოლიტიკური დებატები, რომლებსაც დღეს ვხედავთ ჩვენს მედიასივრცეში. დღეს ქართული მედია უფრო თავისუფალია ხელისუფლების მხრიდან ჩარევისგან და უფრო თავისუფლად გამოთქვამს კრიტიკას მის მიმართ, ვიდრე ოდესმე.

ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა არც ერთხელ ამ დროის განმავლობაში, წინასაარჩევნო პერიოდის ჩათვლით, არ შეწყვეტილა მისი მაუწყებლობა და არ განხორციელებულა ზეწოლა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით. თქვენ გვადანაშაულებთ, თითქოს ჩვენ გვინდა ვაქციოთ “რუსთავი-2″ „მთავრობისადმი კეთილგანწყობილ კიდევ ერთ ტელეკომპანიად“. ეს არის სერიოზული ბრალდება იმ მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს მედიაპლურალიზმს, და იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელშიც საერთოდ არ არსებობს მთავრობის მხარდამჭერი ტელეარხები.”

კვირიკაშვილის თქმით, “რუსთავი-2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა არის წარსულის მემკვიდრეობა, “როცა საკუთრების უფლება გამუდმებით ირღვეოდა და თავისუფლება მსხვერპლად ეწირებოდა პოლიტიკურ მიზნებს”. პრემიერის განცხადებით, მთავრობამ გააუმჯობესა სასამართლო და დისციპლინური პროცედურების გამჭვირვალობის ხარისხი.

“საქართველოს შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ყველა საერთაშორისო რეიტინგში კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან შეტანილი სარჩელების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო, რაც უდავოდ იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ წარმატებას მიაღწია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და იზრდება ნდობა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისადმი. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და დღეს არა მხოლოდ ვლიდერობთ რეგიონში, არამედ ვუსწრებთ კიდეც ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს.”

კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მისის გუნდის საქმიანობის ჩამონათვალი, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის და განხორციელების და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ჩათვლით, მეტყველებს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

“თქვენი და საქართველოს სხვა პარტნიორებისა და მეგობრების შეხედულებებისა და რეკომენდაციებისადმი პატივისცემის მიუხედავად, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველა მტკიცებულების უგულებელყოფა და საქართველოს დადანაშაულება კერძო ტელეკომპანიაზე ზეწოლის განხორციელებაში, რაც თითქოს ემსახურება მისი მფლობელისა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და ამ გზით დემოკრატიისა და თავისუფალი მედიისთვის დარტყმის მიყენებას, რასაც ემატება ბრალდება სასამართლოს მანიპულაციაში კონკრეტული პოლიტიკური შედეგის მიღების მიზნით – ყოველივე ეს, ჩემი აზრით, უსამართლო და უსაფუძვლოა.” – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მეთაურის წერილში.

7 მარტს ევროპარლამენტის 17-მა წევრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური წერილით მიმართა. ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას არ ჩაერიონ მედიის სარედაქციო პოლიტიკაში. ისინი აცხადებენ, რომ მთავრობა მედიის თავისუფლებას ზღუდავს და სასამართლოთი მანიპულირებს.


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლეთა პალატა ერთხმად დაეთანხმა მორიგე მოსამართლის მიერ 3 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის საქმეზე. მოსამართლეთა პალატის გადაწყვეტილებით, აღსრულება უვადოდ, ანუ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.  3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. არასამთავრობო  ორგანიზაციები,  მედიის წარმომადგენლების ნაწილი და  ოპოზიციური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თხოვდნენ, რომ   რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება   მანამ შეეჩერებინა, ვიდრე ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი