ახალი ამბები

პრეზიდენტი “კონსტიტუცია ყველასია” კამპანიის ფარგლებში დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

10 მარტი, 2017 • 5217
პრეზიდენტი “კონსტიტუცია ყველასია” კამპანიის ფარგლებში დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

დღეს, 10 მარტს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართული “კონსტიტუცია ყველასია” პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

გიორგი მარგველაშვილმა ელჩებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობისა და ფართო საყოველთაო დისკუსიის მნიშვნელობა ქვეყნის მთავარი დოკუმენტის, კონსტიტუციის ცვლილების პროცესში.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

“დღეს ოფიციალურად დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესებში და ამასთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა გაიმართა დიპლომატიურ კორპუსთან, კერძოდ მოწვეულნი იყვნენ ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები. ძალიან გახსნილ, მეგობრულ გარემოში იყო დისკუსია და მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორებისგან მოსაზრებები, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესები და როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოებისა იმ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხში, რასაც ჰქვია საქართველოში კონსტიტუციური ცვლილება,”- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა კამპანია “კონსტიტუცია ყველასია” დღეს დაიწყო. გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის პრეზენტაციაზე ისაუბრა კამპანიის მიზნებსა და სამოქმედო გეგმის შესახებ. კამპანიის მიზანია, კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობა და მოქალაქეების მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე კონსტიტუციისა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

გიორგი მარგველაშვილი შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. 10.03.2017. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გიორგი მარგველაშვილი შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. 10.03.2017. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი