ახალი ამბები

პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შემოღებას

10 მარტი, 2017 • 5474
პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შემოღებას

დღეს, 10 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის და  უკონტაქტო პატრულირებას შემოღებას ითვალისწინებს.

“საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებები, პარლამენტმა 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.  ცვლილებების თანახმად, შემოდის მართვის 100 ქულიანი სისტემა.ეს ქულები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას შემცირდება. ამასთან, ახალი ცვლილებების მიხედვით, ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა. კანონპროექტის თანახმად, მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა ამოქმედდება უკვე 2017 წლის 1 ივნისიდან.

კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს და მართვის უფლების მისაღებად პირი იძულებული იქნება გამოცდა ხელახლა ჩააბაროს, ხოლო კალენდარული წლის განმავლობაში ქულების 0-მდე განმეორებით შემცირების შემთხვევაში სამართალდამრღვევს არ ექნება უფლება გავიდეს მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მართვის უფლების შეჩერებიდან 1 კალენდარული წლის გასვლამდე.

ცვლილებები შედის პოლიციის შესახებ კანონშიც, რაც უკონტაქტო პატრულირების შემოღებას ითვალისწინებს. კერძოდ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, პროექტი პოლიციელს უფლება ანიჭებს, გამოიყენოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული და არასტანციონალური სიჩქარის საზომი ხელსაწყოები.

ამასთან, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არ გავრცელდება მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულათა შემცირების წესი.

ამავე თემაზე: მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საქართველოში შემოყვანა არ იკრძალება, თუმცა განბაჟება სამჯერ გაძვირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი