ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო ყოფილ თანამშრომლებს მოგებულ დავას უზენაესში გაუსაჩივრებს

10 მარტი, 2017 • 2428
იუსტიციის სამინისტრო ყოფილ თანამშრომლებს მოგებულ დავას უზენაესში გაუსაჩივრებს

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ცენტრის ყოფილი თანამშრომლები, ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე ცენტრმა სამსახურში უნდა აღადგინოს, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.

ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს დაითხოვეს. მათ სასამართლოში დავა დაიწყეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მომჩივანთა მიმართ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მხოლოდ 4-თვიანი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. 2017 წლის 9 მარტს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა (დაახლოებით, 38 თვე).

იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ერთი მხრივ საუბარია იმაზე, რომ სამინისტროს ინიციატივით განხორციელებულმა სასამართლო და „შრომის კოდექსის“ რეფორმებმა სასამართლო რეალურად დამოუკიდებელი გახადა, მეორე მხრივ, იმაზე, რომ ცენტრი სააპელაციოს გადაწყვეტილების უზენაესში გაასაჩივრებას აპირებს. სამინისტროს განცხადებს თანამად, სწორედ განხორციელებული რეფორმების შედეგი იყო ის, რომ ყოფილმა თანამშრომლებმა სამინისტროს დავა მოუგეს.

“მართლმსაჯულებისა და „შრომის კოდექსის“ საკანონმდებლო რეფორმებმა, რომელთა სულისჩამდგმელი 2012 წლის ბოლოდან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იყო, საქართველოს სასამართლოები რეალურად დამოუკიდებელი გახადა − ამას ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაც. გადაწყვეტილების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ ორი ყოფილი თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენა და სამწლიანი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა,”- აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი