ახალი ამბებისაზოგადოება

გენერატორი 9.8 შესაძლოა დაიხუროს – ღონისძიება სოციალური ბარის გადასარჩენად [ფოტო/ვიდეო]

10 მარტი, 2017 • 3947
გენერატორი 9.8 შესაძლოა დაიხუროს – ღონისძიება სოციალური ბარის გადასარჩენად [ფოტო/ვიდეო]

გენერატორი 9.8–ის გადასარჩენად და ქალთა დღის აღსანიშნავად 9 მარტს აქცია–კონცერტი გაიმართა. სოციალური საწარმოსა და ბარ გენერატორ 9.8–ის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ათონელის N29-ში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემდეგ, შესაძლოა ეს სივრცე დაიხუროს.

არასამთავრობო ორგანიზაცია გენერატორი 9.8–ის დამფუძნებლები ძველი თბილისის რესტავრაციას მხარს უჭერენ, თუმცა მერიას კომპენსაციას ან ალტერნატიული სივრცის გამონახვას სთხოვენ, რაზეც ჯერ არ არის საუბარი. გენერატორის ახალ სივრცეში გადასასვლელად Crowdfunding კამპანიის ფარგლებში გროვდება თანხა.

ქალთა საერთაშორისო დღისა და გენერატორის მხარდასაჭერად გამართული აქცია–კონცერტი. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ქალთა საერთაშორისო დღისა და გენერატორის მხარდასაჭერად გამართული აქცია–კონცერტი. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

გენერატორ 9.8–ს “თბილისის განვითარების ფონდიდან” 23 თებერვალს არაფორმალურად აცნობეს, რომ დაგეგმილი საერეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 მარტს უკვე უნდა დაკეტონ ან გადავიდნენ ათონელის ქუჩიდან, თუმცა ჯერჯერობით იგი იმავე მისამართზე აგრძელებს მუშაობას.

“მართალია, ძალიან გვიხარია, რომ ზრუნავს მერია და განვითარების ფონდი ზოგადად ძველი თბილისის განვითარებაზე და გალამაზებაზე. თუმცა, ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ორი კვირა ნამდვილად მცირე დროა, რომ გადავიდეს ბარი სხვაგან, მოძებნოს რაიმე ალტერნატივა. ამჟამად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს თბილისის მერიასთან, განვითარების ფონდთან. ვცდილობთ, რომ სხვადასხვა სამინისტრო იქნება ეს თუ ორგანიზაცია, დაველაპარაკოთ და როგორმე მათი მხარდაჭერა მოვიპოვოთ,” – ამბობს ანი კოხტაშვილი, გენერატორის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

სოციალური საწარმოსა დაა არასამთავრობოს დამფუძნებლების განცხადებით, გენერატორის ფუნქციონირების შეწყვეტით, საფრთხე ექმნება მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას, უმუშევარი რჩება 20-მდე დაქირავებული თანამშრომელი, 25-მდე სტაჟიორი და საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობის საშუალება მოეხსნება მრავალ ადამიანს/ორგანიზაციას, რომლებიც უფასოდ იყენებენ გენერატორის სივრცეს საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად.

მუსიკოსი შოთა ადამაშვილი გენერატორის მხარდასაჭერად. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მუსიკოსი შოთა ადამაშვილი გენერატორის მხარდასაჭერად. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გენერატორის ერთ–ერთი დამფუძნებელი, ხათუნა ჩალიძე ამბობს, რომ ორი კვირა არის ძალიან მცირე დრო იმისთვის, რომ იპოვონ ალტერნატიული ფართი დროებით გადასასვლელად.

“რაც უფრო მეტი ქუჩა გალამაზდება, რაც უფრო კარგად იქნება გარემონტებული თბილისი, ჩვენ ამას მივესალმებით. მით უმეტეს, ეს ისტორიული შენობები, რომელსაც რესტავრაცია სჭირდება და აუცილებელია… ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ყველაფერს. უბრალოდ, ჩვენ ვთხოვთ თბილისის მერიას ან შესაბამის უწყებებს, რომ დროებით ალტერნატიული ფართი გამოგვიყონ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა,” – ამბობს ჩალაძე.

"გადავარჩინოთ გენერატორი". ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“გადავარჩინოთ გენერატორი”. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სოციალური ბარისა და საწარმოს დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავლია ახალი ფართის მოძიება და გადასვლა, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომლის დაფარვის საშუალებაც ორგანიზაციას არ გააჩნია:

“ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, გადავარჩინოთ გენერატორი, იყავით ჩვენ გვერდით, რათა გენერატორმა შეძლოს კვლავ შემოგთავაზოთ საინტერესო პროექტები, ღონისძიებები და რაც მთავარია საერთო სამუშაო სივრცე, სადაც იბადება ახალი იდეები ჩვენი და ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის.”

გენერატორი 9.8 არის პირველი არაკომერციული, უფასო საერთო სამუშაო სივრცე & სოციალური ბარი საქართველოში, რომელსაც სოციალური საწარმოს ფორმა აქვს, დაფუძნებულია მოხალისეობასა და “გაზიარების ეკონომიკის” პრონციპებზე. 2016 წელს გენერატორი 9.8 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საუკეთესო სოციალურ საწარმოდ დასახელდა.

"გადავარჩინოთ გენერატორი". ფოტო: გიორგი დისაამიძე/ნეტგაზეთი

“გადავარჩინოთ გენერატორი”. ფოტო: გიორგი დისაამიძე/ნეტგაზეთი

9 მარტის ღონისძიებაზე სოციალური ბარის სტუმრებსა და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ვიცე-დირექტორმა მათე გაბიცინაშვილმა და დაასახელა რამდენიმე მიზეზი, რის გამოც უცხადებს გენერატორს მხარდაჭერას. მისი თქმით, მთავარი მოტივი სოციალური საწარმოს პროექტის დაფინანსების იყო ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება, რასაც გენერატორი გენიალურად ართმევს თავს.

“მთელ ქვეყანაში და განსაკუთრებით თბილისში, რადგან აქ არის ცენტრე სამოქალაქო და პოლიტიკური ცხოვრების, ახალგაზრდებს აქვთ დეფიციტი სივრცეების თვითორგანიზებისთვის: მათ არ აქვთ ოფისები, მათ აქვთ ან შეიძლება ჰქოდნეთ იდეები, მათ აქვთ ორგანიზაციები, მაგრამ არ აქვთ თავშეყრის სივრცეები და სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა სხვადასხვა გრანტზე აპლიკაციის დასაწერად ან ჯგუფური მუშაობისთვის. სხვა ბარებისგან განსხვავებით, გენერატორი სრულიად უფასოდ აძლევს ახალგაზრდებს. ასევე, გენერატორის ხელმძღვანელობას და გუნდს აქვს აქვთ ის პროგრამული შინაარსი, რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება ზოგადად განვითარებისა და თვითორგანიზებისთვის,” – ამბობს გაბიცინაშვილი.

მათე გაბიცინაშვილი, ღონისძიების ერთ–ერთი სპიკერი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მათე გაბიცინაშვილი, ღონისძიების ერთ–ერთი სპიკერი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

როგორც მათე ამბობს, გენერატორის გასაკეთებლად დაიხარჯა საჯარო თანხები, რის გამოც გადასარჩენია არამხოლოდ სოციალური ბარი, არამედ საერთო ძალისხმევა ერთამნეთისთვის: “გენერატორი უნდა გადარჩეს – გადავარჩინოთ ერთობლივი ძალისხმევა სხვებისთვის, რამეთუ ეს არის იდეა, სადაც საჯარო თანხები დაიხარჯა იმისთვის, რომ სხვა ადამიანებს თვითორგანიზებისთვის და აქტიური მოქალაქეობისთვის შეეწყოს ხელი. ამიტომ არამხოლოდ გადავარჩინოთ გენერატორი, გადავარჩინოთ საერთო ძალისხმევა ერთმანეთისთვის.”

დღის განმავლობაში გენერატორი 9.8 დაინტერესებულ პირებს/ორგანიზაციებს სთავაზობს სამუშაო სივრცესა და პირობებს საქმიანობის განსახორციელებლად, ასევე კაფე–ბარს. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, Coworking სივრცე იდეალური გარემოა სოციალურად აქტიურ, ინოვატორ, კრეატორ და გახსნილად მოაზროვე ადამიანებისათვის, ვისაც იზიდავს ინტერაქცია და იზიარებს თემის პრინციპებს.

ღონისძიების სტუმრები უსმენენ შოთა ადამაშვილის "ქანთრის". ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ღონისძიების სტუმრები უსმენენ შოთა ადამაშვილის “ქანთრის”. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“ეს არის მუშაობის ინოვაციური გზა, ტრადიციული ოფისის ალტერნატიული ვარიანტი, დამყარებული ღია თანამშრომლობასა და კოოპერაციზე და არა ინდივიუალურ, იზოლირებულ მუშაობაზე. იგი წევრებს სთავაზობს არა მხოლოდ „ოფისს“, არამედ ინფორმაციისა და ცოდნის თავისუფალ გაზიარებას, კონსულტაციას, თემის წევრიანებას და განვითარებისათვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს.”

სამუშაო სივრცე დაინტერესებული პირებისთვის ღიაა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00–დან 19:00 საათამდე. საღამოს, 19:00 საათის შემდეგ თითქმის მთლიანი სივრცე სოციალურ ბარს ეთმობა, რაც გულისხმობს ყოველ საღამოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას, როგორიცაა: საჯარო ლექციები, გამოფენები, მუსიკალური ივენთები, საგანმანათლებლო ვორქშოფები, კინოჩვენებები, ექსპერიმენტალური საღამოები, კლუბების არაფორმალური შეხვედრები და ა.შ.

“ვცდილობთ, გახსნილები ვიყოთ ყველანაირი შემოთავაზებისათვის. ამავდროულად, შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა.”

გენერატორი 9.8 აქტიურადა არის ჩართული საერთაშორისო პროექტებში ICPI. გენერატორი 9.8-ის დამფუძნებლები ამბობენ, მათი მიზანია სოციალურ ინოვაციისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.

სოციალური საწარმო და ბარი გენერატორი 9.8, ათონელის ქ. N29. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სოციალური საწარმო და ბარი გენერატორი 9.8, ათონელის ქ. N29. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთი “თბილისის განვითარების ფონდს” დაუკავშირდა, სადაც ათონელის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და “გენერატორ 9.8″–ის შესახებ ვიკითხეთ. ფონდში კითხვებზე წერილობით პასუხს დაგვპირდნენ, რომელსაც მიღებისთანავე ამავე მასალაში გაგაცნობთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი