ახალი ამბები

“ოცნების” შემწირველ კომპანიებთან მიმართებაში TI პოლიტიკური კორუფციის ნიშნებზე საუბრობს

10 მარტი, 2017 • 3124
“ოცნების” შემწირველ კომპანიებთან მიმართებაში TI პოლიტიკური კორუფციის ნიშნებზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშში, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების დაფინანსებას ეხება, იურიდიული პირებიც მოხვდნენ. იურიდიულ პირთაგან, კვლევის ავტორებმა 5 კომპანია გამოყვეს, რომლებთან სხვადასხვა სტატუსით დაკავშირებულმა ფიზიკურმა პირებმა “ქართულ ოცნებას” მთლიანობაში 284 950 ლარი შესწირეს. კომპანიებმა სახელმწიფოსგან 1 545 000  ლარის ღირებულების გამარტივებული კონტრაქტები მიიღეს, რაც TI-ს აზრით, პოლიტიკური კორუფციის კუთხით, კითხვის ნიშნებს აჩენს.

ამ ადამიანებს შორის TI-ს კითხვის ნიშნები შემდეგი პირების შემოწირულობაზე აქვთ:

• გიორგი გველესიანი, თემურ უსტიაშვილი  და ლევან გოგსაძე სამივემ ერთად მმართველ პარტიას 157 950 ლარი შესწირა, ხოლო მათმა კომპანიამ „ჯი-თი გრუპ” 2016 წელს დაახლოებით 425 000 ლარის პირდაპირ სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო;

• გიორგი ჯაბიძე – მმართველ პარტიას 55 000 ლარი შესწირა, ხოლო მისმა კომპანიამ „ფუნდაშენ” დაახლოებით 380 000 ლარის კონტრაქტები მიიღო;

• ივანე ნიკოლაიშვილი – „ქართულ ოცნებას” შესწირა 40 000 ლარი და მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ „ფუდსერვისი” მიიღო დაახლოებით 130 000 ლარის პირდაპირი კონტრაქტები;

• გიორგი რობაქიძე  – მმართველ პარტიას შესწირა 22 000 ლარი, მისმა კომპანიამ „კავკასავტომაგისტრალი” მიიღო დაახლოებით 220 000 ლარის პირდაპირი კონტრაქტები;

• იოსებ ბრეგვაძე  – პარტიას შესწირა 10 000 ლარი, მისმა შპს-მ „აკადემიკოს ო. ღუდუშაურისსახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი” მიიღო დაახლოებით 390 000 ლარის პირდაპირი კონტრაქტები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი დეკლარაციების მონაცემებით, 2016 წლის საარჩევნო პერიოდში კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა მთლიანობაში 21 726 165 ლარის შემოწირულობა მიიღეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი 19 183 489 ლარი (86%) მიიღო „ქართულმა ოცნებამ”, შემდეგ მოდის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 998 001 ლარით, მესამეზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა” 972 764 ლარით. აქედან, ქედან 19 061 205 ლარი 1 233 ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო 3 494 755 ლარი – 65-მა იურიდიულმა პირმა შესწირა კვალიფიციურ სუბიექტებს. ამ ოდენობის შემოწირულობები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი