ახალი ამბები

პარლამენტმა ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმის დაბრუნებას მხარი დაუჭირა

9 მარტი, 2017 • 36233
პარლამენტმა ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმის დაბრუნებას მხარი დაუჭირა

დღეს, 9 მარტსპარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლის თანახმად, საფინანსო სექტორზე ზედამხედველობა 2015 წელს შექმნილი სააგენტოდან ისევ ეროვნული ბანკის კომპეტენციას უბრუნდება.

“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტს და მისგან გამომდინარე ცვლილებებს 15 კანონში, პარლამენტმა მხარი 92 ხმით დაუჭირა. პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სხდომაზე წარმოდგენილი კანონპროექტი კარგად აჩვენებს, თუ რა პრობლემები აქვს სახელმწიფოს და ხელისუფლებას:

“ეს კანონპროექტი აჩვენებს, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის, ბიძინა ივანიშილის ინტერესების გამო ბოლო წლებში როგორც მთავრობა, ისე უმრავლესობის დეპუტატები მზად არიან წავიდნენ ქვეყნის ინტერესების შემლახავ ნაბიჯზე. მაშინ ივანიშვილს გიორგი ქადაგიძე არ მოეწონა და მოუნდა, რომ ვიღაცისთვის დაებრალებინა ვალუტის გაუფასურება. ამის შემდეგ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და პარლამენტარებმა ყველაფერი გააკეთა, რომ ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკიდან გამოსულიყო, ” – განაცხადა სერგი კაპანაძემ და აღნიშნა, რომ ზედამხედველობის ეროვნული ბანკისთვის დაბრუნება კარგია.

სერგი კაპანაძის თქმით, სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის ეროვნული ბანკისთვის ზედამედველობის ფუნქციის ჩამორთმევის გამო, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ქვეყანაში 200 მილიონი ლარით ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია გაჩეჩილაძის თქმით, გიორგი ქადაგიძის თავმჯდომარეობის დროს, ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების წინააღმდეგ ყველაფერი უნდა გაეკეთებინა:

“გაუფასურების პროცესი შეიძლება ვერ შეეჩერებინა,  მაგრამ რაღაც უნდა გაეკეთებინა ლარის გასამყარებლად. 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის აპრილამდე ეროვნული ბანკი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა. ეროვნული ბანკი, ერთი ხელით დოლარს ყიდდა და ინტერვენციას ახორციელებდა, ხოლო მეორე ხელით, რეფინანსირების განაკვეთის მანიპულაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ლარის მასას ზრდიდა, რაც გაუფასურებას უწყობდა ხელს. 600მილიონი ლარი იყო ზედმეტად გამოშვებული.”

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის,პაატა კვიჟინაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკიდან არ გამოუყვია:

“ჩვენ არ გამოგვიყვია ეროვნული ბანკიდან, უბრალოდ, ფუნქციები გაუფართოვდა და ანგარიშვალდებული გახდა პარლამენტთან. ზუსტად იგივე გააკეთეს 2007 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ” და 18 თვეში უკან დააბრუნეს. ”

2015 წლის 1 ივლისიდან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში” შესული ცვლილების თანახმად, ეროვნულ ბანკს გამოეყო საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ჩამოყალიბდა.

აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია, თავად ეროვნული ბანკი და ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. ამის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა ეს კანონი, რომლის ერთ-ერთი ავტორი იყო ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, დეპუტატი თამაზ მეჭიაური, მაინც მიიღო.

პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ვეტო 81 ხმით დაძლია, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ხელი მოაწერა.  ამის შემდეგ, კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა. 2015 წლის 12 ოქტომბერს სასამართლომ  სარჩელი განსახილველად მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა შეაჩერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი