ახალი ამბები

კოალიცია მოუწოდებს GPB-ს დაიცვას დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი უფლებები

9 მარტი, 2017 • 10150
კოალიცია მოუწოდებს GPB-ს დაიცვას დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი უფლებები

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ 7 მარტს მაუწყებლის დებულებაში დამტკიცებულ ცვლილებზე განცხადებას ავრცელებს.  კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს უნდა ეზრუნათ,  დოკუმენტების პროექტი, რომლის შესახებაც საბჭოს უნდა ემსჯელა წინასწარ უნდა გასაჯაროებულიყო, რათა დაინტერესებული ჯგუფები გაცნობოდნენ მას და გამოეხატათ პოზიცია. ასევე მოემზადებინათ შენიშვნები და კომენტარები.

კოალიციისთვის ბუნდოვანია, რატომ იყო მაუწყებლის დებულებაში ცვლილებების მიღება 7 მარტს იმ ფონზე, რომ მათი ამოქმედების თარიღად 2017 წლის 17 ივლისია მითითებული:

“როგორც საბჭოს სხდომაზე დადასტურდა, მაუწყებლის მენეჯმენტს დებულებაში ცვლილების შეტანის გარეშეც შეეძლო ახალი სატელევიზო ბადისთვის საჭირო კონკურსების გამოცხადება. ამ ფონზე კიდევ აქტუალური ხდება კითხვა თუ სინამდვილეში რა იყო დებულებაში ცვლილებების შეტანის ლეგიტიმური მიზანი” – ვკითხულობთ განცხადებაში.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამოქმედო გეგმა,  არ წარმოადგენს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ის არ შეიცავს ფინანსურ გათვლებს და აჩენს ბევრ კითხვას. ამასთანავე, არ ჩანს შეფასდება თუ არა არსებული სამაუწყებლო ბადე სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით, ან როგორ გამოიყენება ეს კრიტერიუმები კონკურსში წარმოდგენილი ახალი პროექტების შესაფასებლად. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტის წარმომადგენლებმა არ დააკონკრეტეს, თუ პოტენციურად რამდენი ადამინის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს დებულებში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ:

“მენეჯმენტის ახალი გეგმის მიხედვით, ბუნდოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის და რადიოების მომავალი. ისევე როგორც არქივის გაციფრების და გარეწარმოების საკითხები; კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტს, დაიცვან მაუწყებელში დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი უფლებები და უზრუნველყონ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობა და დაგეგმილი კონკურსების საჯაროობა” – ნათქვამია განცხადებაში.


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში შესული ცვლილებები მაუწყებლის სტრუქტურას ეხება და რამდენიმე სამსახურის გაერთიანებას გულისხმობს. ცვლილებები, რომელსაც მხარი სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა არ დაუჭირა, მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი გეგმის ნაწილია. გეგმის მიხედვით, 2017 წლის 17 ივლისამდე მაუწყებელზე არსებული გადაცემები ეთერში დარჩება. სექტემბრიდან კი სეზონს მაუწყებელი განახლებული საეთერო ბადით გააგრძელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი