ახალი ამბები

საქართველო ფართომასშტაბიანი ენერგოეფექტურობის ღონისძიებებისთვის საპილოტე ქვეყნად შეარჩიეს

9 მარტი, 2017 • 4693
საქართველო ფართომასშტაბიანი ენერგოეფექტურობის ღონისძიებებისთვის საპილოტე ქვეყნად შეარჩიეს

საქართველო ფართომასშტაბიანი ენერგოეფექტურობის ღონისძიებებისთვის საპილოტე ქვეყნად შეირჩა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

საქართველოში შენობების ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით შეხედულებების გასაზიარებლად კერძო და საჯარო სექტორებიდან დაინტერესებულ პირებს თბილისში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკის (WB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლები შეხვდნენ.

საქართველოს გარდა შერჩეულია კიდევ სამი საპილოტე ქვეყანა: უკრაინა, სერბეთი და ტუნისი.

“ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ცალკეული ენერგოეფექტურობის პროექტების ნაცვლად ყურადღების გამახვილებას ყოვლისმომცველ მიდგომაზე, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებას და მდგრადი ინვესტიციების მატებას. შერჩეულ ქვეყნებში მისიების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, ევროკომისია გამოავლენს პრიორიტეტულ სფეროებს კერძო და საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განსახორციელებლად,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, EBRD-ის თბილისის ოფისში დაინტერესებულ მხარეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, გენერალური დირექტორის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ განაცხადა, რომ საქართველოში კერძო და საჯარო შენობებზე მთლიანი ენერგიის ხარჯვის დაახლოებით 30% მოდის, რაც საგრძნობლად აისახება როგორც ხალხის ჯიბეზე, ასევე გარემოზე.

“იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკა გააგრძელებს ზრდას და შესაბამისად, ენერგიის მოხმარებაც მოიმატებს, მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება დავუთმოთ ენერგოეფექტურობის სტანდარტების გაუმჯობესებას, რის დასაწყებადაც კერძო და საჯარო შენობების მშენებლობა კარგი სფეროა. ჩვენ აქ ვიმყოფებით ენერგოეფექტურობის ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონეს და გაზრდის ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობას,”- განაცხადა კატარინა მატერნოვამ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ბრუნო ბალვანერამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგოეფექტურობა საქართველოსთვის EBRD-ის ახალი სტრატეგიის მნისვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 2017 წელს დამტკიცდა.

“ჩვენი ბანკი თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობასთან ახალი რეგულაციების შემუშავებაზე, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას სამშენებლო სექტორში. ეს ხელს შეუწყობს კანონის აღსრულებას და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მორგებას. საქართველოში შენობების ენერგოეფექტურობის სტანდარტის ამაღლების კუთხით უზარმაზარი პოტენციალი არსებობს,”- განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, საქართველოში ენერგიის უდიდეს ნაწილს საცხოვრებელი და სატრანსპორტო სექტორები მოიხმარენ (30% და 33%), ახალი შენობები მოიხმარენ თითქმის ორჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე ახალი შენობები ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, ხოლო ძველი შენობები საკმარისად არ თბება.

“იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მიზნად ისახავს სათბურის აირების გამოყოფა 15%-ით შეამციროს 2030 წლამდე, ხოლო როგორც ენერგეტიკული გაერთიანების ახალ წევრს, მოუწევს ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღება, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო შენობებში ენერგოეფექტურობის ზომების მისაღებად. ევროკავშირი და პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე უჭერენ მხარს საქართველოში შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტებს, თუმცა ეს ინიციატივა კიდევ უფრო დააჩქარებს და ფართომასშტაბიანს გახდის პოლიტიკის ღონისძიებებსა და ინვესტიციებს ამ მნიშვნელოვან სექტორში,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი