ახალი ამბები

“ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებულები კომპენსაციას ითხოვენ

9 მარტი, 2017 • 4277
“ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებულები კომპენსაციას ითხოვენ

სავაჭრო სახლ “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულები ამ წუთებში [15:40] თბილისის მუნიციპალურ საკრებულოსთან იმყოფებიან. როგორც დაზარალებულები ამბობენ, წინა შეხვედრა თბილისის საკრებულოში მათთვის უშედეგო აღმოჩნდა. დღეს, საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე საკრებულოსთან კარვების გაშლას აპირებდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა და წინააღმდეგობა გაუწია:

“რომ არავინ მოგვაქცია ყურადღება და გუშინწინაც უარი გვითხრეს საკრებულოდან დახმარებაზე, მინიმალური სამათხოვრო, 300 ლარიდან 1000 ლარამდე დახმარება შემოგვთავაზეს, ისაც თუ სახსრების მოძიება მოხდებაო” ამბობს ლამარა ქოქელია, რომელიც ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე ქალის თეთრეულს ყიდიდა.

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები

მისი თქმით, 300 ლარი არავის უშველის. როგორც ის ამბობს მის ექვსსულიან ოჯახში ყველა უმუშევარია, ორი კი მძიმედაა ავად. დაზარალებულები თანხის ისეთ ოდენობას ითხოვენ, რომ მუშაობის ხელახლა დაწყება შეძლონ. მათი განცხადებით, საწყის ეტაპზე ზარალის ნაწილობრივ, 5000 ლარის ოდენობით მაინც ანაზღაურებას ითხოვენ. შემდგომ კი, იმედი აქვთ რომ დედაქალაქის საკრებულო დარჩენილ ზარალსაც აუნაზღაურებს:

“ჩვენ ვიცით რომ 100%-იან კომპენსაციას არავინ მოგვცემს – ეს ბავშვმაც კი იცის მაგრამ, დავიწყოთ, საარსებო წყარო შევიძინოთ. ჩვენ ხომ არ გვინახავდა სახელმწიფო, ჩვენ ვინახავთ სახელმწიფოს. მინიმალური დახმარება მაინც გაგვიწიონ, რომ თავიდან დავიწყოთ მუშაობა” – ამბობს ლამარა ქოქელია.

ხანძრის შედეგად დაზარალდა თინათინ ვალიშვილიც. როგორც ამბობს ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნამდე მათთვის კომპენსაციის ნაწილის მიღებაც მისაღებია:

“მე ვერცხლი მქონდა. ჩემი ნივთების ღირებულება 8 000 ლარი იყო. კიდევ სხვისი პროდუქციაც მელაგა 4 000 ლარის ღირებულების, ფული მერე უნდა გამესტუმრებინა. მე იმას გავისტუმრებდი” – ამბობს თინათინ ვალიშვილი.

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები

ბავშვთა სამყაროს დაზარალებულების წარმომადგენლები ამ წუთებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას მართავენ. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. გარეთ მყოფმა დაზარალებულებმა კი ჯერ არ იციან, თუ ეს შეხვედრაც უშედეგოდ ჩაივლის, რა ზომებს მიმართავენ:

“ქალაქის მერმა ხელები დაიბანა ჩვენზე. მე ვერაფერს მოგცემთო, ბიუჯეტი არ მაქვსო. შიშველი ხელებით, უკაპიკოდ ვართ დარჩენილები. უკიდურესობამ მოგვიყვანა აქამდე. ვითხოვთ მოგვაქციონ ყურადღება” – ამბობს ლამარა ქოქელია.

ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრის შესახებ განცხადება 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე შევიდა 112-ში. ადგილზე მუშაობდა 30-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება 9:00 საათამდე ვერ მოხერხდა. შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი.

ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი