ყაზტრანსგაზი ტარიფის გადახედვას ითხოვს – “დოლარის კურსი ახდენს გარკვეულ გავლენას”

დღეს, 9 მარტს სემეკმა დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით.

სემეკის დღევანდელ სხდომაზე არ ყოფილა საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიცვლება ტარიფი. მარეგულირებელს ტარიფების დასადგენად 150 დღის ვადა აქვს.

ყაზტრანსგაზ თბილისის სპეციალურმა მმართველმა, მამუკა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა, თუ როგორ სურთ ტარიფების გაზრდა. მისივე თქმით, გაზის ტარიფი შედგება გაზის ნასყიდობისგან, განაწილებისგან, მიწოდებისგან და გატარებისგან და მისთვის უცნობია, რომელ ნაწილში რა გადაწყვეტილებას მიიღებს სემეკი.

თუმცა, მან ისაუბრა იმაზე, რომ საჭიროა დამატებითი ინვესტიციები, ასევე, გავლენას ახდენს დოლარის მიმართ ლარის კურსი:

“დახლოებით ერთი კირის წინ შევიტანეთ განაცხადი ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით. ვინაიდან, ყაზტრანსგაზ თბილისის ტარიფი არ გადახედილა დაახლოებით 15 წელია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ჩადო გარკვეული ინვესტიციები გაზიფიცირების სრულყოფისთვის, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ასევე ჩასადებია დამატებითი ინვესტიციები, ვინაიდან, მიმდინარეობს როგორც ქსელის გაუმჯობესება, ასევე, ახალი აბონენტების გაზიფიცირება. მივმართეთ კომისიას, ვინაიდან, როგორც ინვესტიციები, ასევე გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებულია დოლარში, შესაბამისაც, კურსი გარკვეულ გავლენას ახდენს,”- განაცხადა მამუკა კობახიძემ.

მამუკა კობახიძის ცნობით, სამომხმარებლო ტარიფი 45 თეთრის ფარგლებშია, ხოლო 2015 წელს ყაზტრანსგაზის კომერციული ტარუფი 75 თეთრიდან 90 თეთრამდე გაიზარდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი