ახალი ამბები

რესპუბლიკელები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მანიპულაცია “რუსთავი 2”-ის საქმეზე

9 მარტი, 2017 • 5421
რესპუბლიკელები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მანიპულაცია “რუსთავი 2”-ის საქმეზე

საქართველოს რესპუბლიკური პარტია, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს მანიპულაცია “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით.

პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, ევროპამ საქართველოს დაუდასტურა უპირობო მხარდაჭერა და საქართველოს მოქალაქეები დაიცვა ხელისუფლების თვითნებობისგან.

“საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებით, ევროსასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებით, ჩვენს ქვეყანაში ყველამ ერთად დავიცავით მედიაპლურალიზმი, გამოხატვის თავისუფლება და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეების ევროპული არჩევანი. ამ პროცესში დადასტურდა, რომ სწორედ ხელისუფლების თვითნებობისგან დაგვიცვა ჩვენ ევროპამ. საქმე რომელიც იხილება სტრასბურგში არის საქმე საქართველოს წინააღმდეგ. დიახ, საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ეს არის სტანდარტი ნებისმიერი დავისა ევროსასამართლოში”, – ამბობს ხათუნა სამნიძე.

სამნიძე ამბობს, რომ ხელისუფლება მოსახლეობას შეგნებულად ატყუებს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ნუ დაამატებენ ახალ შეცდომებს უკვე დაშვებულ შეცდომებს.

“ნუ დაამატებენ უკვე დაშვებულ შეცდომას, შეგნებულ შეცდომას, რადგან ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებელი არიან თავად ისინი და ამ განცხადებებით, ხელს უწყობენ ისინი გაძლიერებას ანტიდასავლური განწყობების”, – ამბობს ხათუნა სამნიძე.

“რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ კი განაცხადა, რომ ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ეცდება, რომ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანი შეცვალოს, ის დამარცხდება.

ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია

ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია

“როგორც ევროპის საბჭო, ასევე ევროკავშირი არის ქართველი ხალხის, ასევე ჩვენი ქვეყნის გარდაუვალი არჩევანი. ნებისმიერი ხელისუფლება თუ ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ეცდება რომ ქართველი ხალხის, ევროპული არჩევანი თუ ევროატლანტიკური არჩევანი შეცვალოს, ის ნებისმიერ შემთხვევაში იქნება დამარცხებული. მიმდინარე პროცესებმა “რუსთავი 2″ – თან დაკავშირებით, ნათლად აჩვენა ის, რომ ევროპა დგას ჩვენი ქვეყნის გვერდით, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად, სიტყვით და საქმით ადასტურებს იმას, რომ ის არის თითოეული ჩვენგანის გვერდით”, – ამბობს თამარ კორძაია.

თამარ კორძაია ამბობს, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება უჩივლოს საკუთარ ქვეყანას და ხელისუფლებას.

“ევროპის საბჭოს ნებისმიერი წევრი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, უფლება აქვს უჩივლოს საკუთარ სახელმწიფოს… უჩივლოს იმ ხელისუფლებას, რომელიც არღვევს მის უფლებებს. მარტივია ეს საკითხი და მანიპულირება ამ თემით და სათაურების გამოტანა, რომ “რუსთავი 2” ჩივის სახელმწიფოს წინააღმდეგ, თითქოს “რუსთავი 2″ არის სახელმწიფოს მტერი, არის უსამართლო დამოკიდებულება და მოქალაქეებისთვის მცდარი აზრის ჩამოყალიბების მცდელობაა. მოვუწოდებთ, ხელისუფლებას შეწყვიტოს მანიპულაცია თავისი გზავნილებით და მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებს. იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ ზუსტი წარმოდგენა პროცესებზე”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაია დარწმუნებულია, რომ ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა “რუსთავი 2”-ის საკითხზე ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ეს იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის შემთხვევაში იყო.

აღნიშნული განცხადებები თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემ დღეს, 9 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. ამ პრესკონფერენციით რესპუბლიკელები გამოეხმაურნენ პარლამენტის თავმჯდომარის ირკლი კობახიძის განცხადებას, რომ “რუსთავი 2” არის საქართველოს წინააღმდეგ და აქამდეც ბევრჯერ ყოფილა:

“ეს უკვე არის დაპირისპირება რუსთავი ორის მფლობელებსა და საქართველოს შორის და დარწმუნებული ვარ, ამ დაპირისპირებაში გაიმარჯვებს საქართველო, რადგან სიმართლე არის საქართველოს მხარეს.  ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსთავი 2-ის მენეჯმენტი და მფლობელები საქართველოს უპირისპირდებიან, დღემდე გამარჯვებული ყოველთვის გამოდიოდა საქართველო და მე დარწმუნებული ვარ, ამჯერადად საქართველო გაიმარჯვებს, რადგან საქართველოს მხარეს არის სიმართლე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი