ახალი ამბები

იტალიის სენატის პრეზიდენტი: იტალია საქართველოს ევროპული ოჯახის წევრად აღიქვამს

8 მარტი, 2017 • 2331
იტალიის სენატის პრეზიდენტი: იტალია საქართველოს ევროპული ოჯახის წევრად აღიქვამს

იტალია საქართველოს აღიქვამს, როგორც ევროპული ოჯახის წევრს – ამის შესახებ იტალიის სენატის პრეზიდენტმა პიეტრო გრასომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, შეხვედრაზე განაცხადა.

პრესსამსახურის ცნობით, რომში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებზე და საპარლამენტთაშორისო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

“შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო. პიეტრო გრასომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს მოქალაქეები შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ. იტალიის სენატის პრეზიდენტის თქმით, საქართველო, როგორც ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად”,- ნათქვამია გავრცელეულ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიაში რამდენიმე დიპლომატიური შეხვედრა გამართა. საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის თარიღის მნიშვნელობასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე  გიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანჯელინო ალფანომ  რომში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოტენციალზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი მნიშვნელოვნად გაზრდის იტალიელი ბიზნესმენების დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით.

“გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ანჯელინო ალფანოს ევროინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი იტალიის მხარდაჭერისთვის”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი იტალიაში დღეს, 8 მარტს დაიწყო. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე, “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი