ახალი ამბები

დაიხურება თუ არა მეცხრე არხი? – არხს ათამდე ჟურნალისტი ტოვებს

30 ნოემბერი, 2012 • • 2031
დაიხურება თუ არა მეცხრე არხი? – არხს ათამდე ჟურნალისტი ტოვებს

“მეცხრე არხის” უკვე ყოფილი ჟურნალისტის, ლანა ბერიძის თქმით, დღეს გამართულ თათბირზე ლუბა ელიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არხის რეორგანიზაცია დასრულებულია. არხი შეიძლება დაიხუროს, შესაძლებელია, ბორდი შეიქმნას ან გასხვისდეს.

 

დღეს ტელეკომპანია “მეცხრე არხი” ათამდე ჟურნალისტმა დატოვა. მათ შორის არიან: არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე, რეგიონული ამბების პროდიუსერი ირაკლი აბსანძე, დირექტორის მრჩეველი ირინა თევდორაშვილი, ასევე, ჟურნალისტები: მალხაზ ჭკადუა, გიორგი ფუტკარაძე, სოსო კაციტაძე და ლანა ბერიძე.

 

არხიდან წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლუბა ელიაშვილის კანდიდატურაა. მათთვის მიუღებელია ლუბა ელიაშვილის დამოკიდებულება პროცესებისადმი და კონკრეტულად მათდამი. როგორც ირაკლი აბსანძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, მას შემდეგ რაც სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, იმისათვის რომ არხის მუშაობა არ შეფერხებულიყო,  ლუბა ელიაშვილს არხზე ორი კვირით დარჩენა შესთავაზა,   რაზეც აბსანძის თქმით, ელიაშვილმა უპასუხა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. არხიდან წამოსვლის დამატებითი მოტივი იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელშიც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა – “რა გინდათ მეცხრე არხისგან, ნორმალური პროცესებია, ყველაფერი კარგადაა”,- აბსანძის თქმით, პრემიერ მინისტრი და ამავდროულად “მეცხრე არხის” მფლობელის მეუღლე არ არიან ინფორმირებული, თუ რა ხდება “მეცხრე არხზე”, ან იმას, რაც ხდება, ნორმალურად მიიჩნევს.

 

“ჩვენთვის პრობლემა არის დამოკიდებულება, ის, რომ პროცესის მიღმა დავრჩით ადამიანები, რომლებიც ამ არხს ვაკეთებდით. ის პერიოდი, რაც მე აქ ვმუშაობდი, გადაწყვეტილებები, რაც არხის განვითარებას უკავშირდებოდა, მიიღებოდა გუნდურად. ახლა მივხვდი, რომ გადაწყვეტილების მიღების პრინიციპი შეიცვალა, მე არ მსიამოვნებს იმ არხზე მუშაობა, სადაც ვერ არჩევენ რძეს ინფორმაციისგან (იგულისხმება ლუბა ელიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება გადაცემაში “პოლიტმეტრი”)”, – აცხადებს ირაკლი აბსანძე. მისი თქმით, არჩევნებამდე ლუბა ელიაშვილს   მის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა ჰქონდა.

“ერთხელ იყო მცდელობა, წინასაარჩევნო პერიოდში, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ არ მივიღებთ სტანდარტებს, რომელიც “ინფო 9”-ზე იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ერთ კონკრეტულ მედიაპროდუქტზე, ჩვენი შეხედულებები განსხვავებული იყო მედიის სტანდარტთან დაკავშირებით. ეს იმით დასრულდა, რომ მას შემდეგ ლუბა ელიაშვილს შენიშვა არ მიუცია, ის თავისი საქმით იყო დაკავებული “ინფო 9”-ზე, – აცხადებს ირაკლი აბსანძე.

 

ლანა ბერიძე, “მეცხრე არხის” საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილი ჟურნალისტი, რომელმაც სამსახურიდან წამოსვლის შესახებ განცხადება დღეს დაწერა, ამბობს, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ლუბა ელიაშვილი არხზე იმისთვის მოვიდა, რომ სამსახურიდან “მეცხრე არხის” ჟურნალისტები წასულიყვნენ:

 

“თითოეული ჩვენგანი კახა ბექაურმა მიიღო სამსახურში და ის უზრუნველყოფდა ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობას, ახლა მოვიდა მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერც ერთი ჩვენგანის კითხვას ვერ გასცა პასუხი. ის ამბობს, რომ მერძევეობა და ჟურნალისტიკა არის ერთი და იგივე და, ჩემდა გასაკვირად, იქ სამი ჟურნალისტი იჯდა და არც ერთი არ შეეკამათა, ჩემი დამოკიდებულებები და მისი დამოკიდებულებები არის სხვადასხვა. მან ასევე 40 წუთის წინ გვითხრა, ვისაც არ მოსწონს ლუბა ელიაშვილი, წავიდეს სამსახურიდან. ჩვენს კითხვაზე, ასეთი მარტივია მისთვის მთელი გუნდის სამსახურიდან გაშვება? – მან გვიპასუხა, რომ ის ამაში პრობლემას ვერ ხედავს. მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ის მოვიდა იმისთვის, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიგვეღო.”

 

ლანა ბერიძე ასევე იხსენებეს ე.წ. ფარულ ჩანაწერებს, რომელშიც “მეცხრე არხზე” გია ხუხაშვილი და ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობენ:

 

“დღეს ცუდად მენიშნება სატელეფონო საუბრები, სადაც გია ხუხაშვილი და შს მინისტრი საუბრობენ “მეცხრე არხის” კონტროლის მექანიზმზე, იქ ახსენებენ ლუბა ელიაშვილს, მაშინ ჩვენ გვითხრეს, რომ ეს არის ფაბრიკაცია, თუმცა კბილაშვილმა 12-მდე ადამიანი დააპატიმრა და გაირკვა, რომ ეს ჩანაწერები არ არის ფაბრიკაცია. ჩვენთვის ეს იყო ძალიან ცუდი სიგნალი.”

 

ლანა ბერიძე ამბობს, რომ პრემიერ მინისტრი უნდა დაინტერესდეს, თუ რატომ ტოვებენ “მეცხრე არხს” ჟურნალისტები და რა მიზეზები აქვთ მათ სამსახურიდან წასვლის.

 

ამ დროისთვის საინფორმაციო სამსახურის  დაახლოებით 23-კაციანი შემადგენლობიდან პირადი განცხადების საფუძველზე 10-მდე ადამიანმა დატოვა ტელეკომპანია “მეცხრე არხი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი