ახალი ამბები

პროკურატურა ვარაუდობს, რომ დეკანოზი მამალაძე თანამზრახველებთან ერთად მოქმედებდა

8 მარტი, 2017 • 5576
პროკურატურა ვარაუდობს, რომ დეკანოზი მამალაძე თანამზრახველებთან ერთად მოქმედებდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული, თანამრახველებთან ერთად მოქმედებდა.

“ვინაიდან, საქმეზე მოპოვებული ცალკეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არსებობდა ეჭვი, რომ გიორგი მამალაძე შესაძლოა ამზადებდა სხვა პირების მკვლელობასაც, ასევე, რომ იგი სავარაუდოდ მოქმედებდა თანამზრახველებთან ერთად, გაძლიერებულ იქნა გერმანიაში ყოფნის დროს პატრიარქის უსაფრთხოება. აღნიშნული ვარაუდის საფუძველზე, მთავარი პროკურატურა აგრძელებს მუშაობას რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს სპეციალურ ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა გაასაჯაროვა.

ვიდეომასალაში, რომელიც დღეს პროკურატურამ გაასაჯაროვა და რომელიც ფრაგმენტულად ასახავს დეკანოზის ირაკლი მამალაძესთან შეხვედრის ფარულ ვიდეომასალებს, სასულიერო პირი, ძირითადად, სულ მრვალობით ფორმაში საუბრობს. მაგალითად:

  • რამდენად შესაძლებელია ვთქვათ, ახლა რომ ავიღოთ [ციანიდი]? – 1.14წთ.
  • თუკია შესაძლებელი, სასწრაფოდ გვჭირდება რა ეგა [ციანიდი] – 1.30წთ.
  • პროსტა გადავიხდიდით, მაგრამ… – 2.08წთ.
  • ჰოდა, მაშინ გამოვაგზავნინებ ფულს – 9.11წთ.
  • დავურეკავ და ვეტყვი, რომ გამომიზგავნეთ მეთქი [ფული] – 10.29წთ.
  • ესენი იბრძვიან, რომ მე მოვხვდე იქ – 11.44წთ.
  • ჩვენ ქონება არ გვაწყობს – 11.57წთ.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ის ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ დღეს, 8 მარტს გაასაჯაროვა. დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

პროკურატურას ჯერ არ უსაუბრია, თუ ვინ შეიძლება იყო დეკანოზ მამალაძის სავარუდო თანამზრახველი ან თანამზრახველები. დეკანოზი პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ეპარქიაში მუშაობდა წლების მანძილზე. ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებით, ის არ გამორცხავს, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო: “არ გამოვრიცხავ, რომ მამა გიორგი თავისი გამოუცდელობით ახალგაზრდობით ამ სცენარის თანამონაწილე გახდა.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი