ახალი ამბები

წინწყაროში მუსლიმურ სამლოცველოსთან პოლიციაა მობილიზებული

30 ნოემბერი, 2012 • 5612
წინწყაროში მუსლიმურ სამლოცველოსთან პოლიციაა მობილიზებული

პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც სამლოცველოსთან ვითარება დაიძაბა. სოფლის მართლმადიდებელ და მუსლიმ მაცხოვრებლებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.

 

სოფლის 40-მდე მართლმადიდებელი მოსახლე, ძირითადად, მამაკაცები მუსლიმთა სამლოცველოსთან დღეს, 12:30 საათისთვის, ლოცვის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მივიდნენ და მუსლიმ მრევლს ლოცვის ჩატარება აუკრძალეს. ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება სოფლის მოსახლეობას შორის.

 

სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობის მხრიდან იყო ასეთი შეძახილები:

 

– “არ არის საჭირო არანაირი მეჩეთი იქ, სადაც ქრისტიანული ოჯახები ცხოვრობენ!”

 

– “შემდეგ პარასკევს ნახავთ, რას ვაპირებთ, აქ ომი იქნება!”

 

სოფლის რწმუნებულის თქმით, წინწყაროში 600 კომლი ცხოვრობს, საიდანაც 200 – აჭარიდან ჩასახლებული არიან, მათგან 30 – მუსლმია.

 

მუსლიმური სამლოცველო სოფელ წინწყაროში, ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება ადგილობრივებს შორის.

 

“საქართველოს მუსლიმთა კავშირის” ცნობით, 28 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში არამუსლიმი მოსახლეობა მიუვარდა მუსლიმ წინამძღვარს, რომელებმაც მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა. ისინი დაჟინებით ითხოვდნენ მეჩეთისა და პარასკევობით პარასკევის ლოცვის ჯგუფურად შესრულების გაუქმებას. 

 

წინწყაროში მცხოვრები მუსლიმები აცხადებენ, რომ სამლოცველოს გახსნამდე ისინი ლოცვას მარნეულის და სოფელ ქოსალარის მეჩეთებში ესწრებოდნენ, რაც მათი სოფლიდან მოშორებით მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი