პროკურორი: ბარგის კოდური საკეტი დეკანოზმა პირადად გააღო, სადაც ციანიდს ინახავდა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი, ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით დაკავებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ საგამოძიებო უწყებაში ჩემოდანის კოდური საკეტი პირადად გააღო, საიდანაც მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი ამოიღო გამოძიებამ.

პროკურორი აღნიშნავს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ბრალდებულმა ჩააბარა მისი ბარგი, შემდგომ ეს ბარგი აეროპორტის თანამშრომლების თანდასწრებითა და მათი მონაწილეობით ამოიღეს. ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ამის შემდეგ ადგილზე დაილუქა დეკანოზის ბარგი და ლუქზე შესაბამისი ხელმოწერები გაკეთდა:

“დალუქული ბარგი შემდგომ საგამოძიებო ორგანოში ჩვენ გავხსენით სწორედ ბრალდებულის და მისი ადვოკატის თანდასწრებით. მათ დეტალურად შეამოწმეს ლუქის მთლიანობა, რომელიც დარღვეული არ ყოფილა და ამის შესახებ ოქმშია მითითებული. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული, ბრალდებულმა… კოდური საკეტი ჰქონდა ამ ჩემოდანს და პირადად გააღო ეს ჩემოდანი. მხოლოდ მან იცოდა ამის კოდი.”

როგორც პროკურორი აცხადებს, ეს ყველაფერი არის დასურათებული და აღბეჭდილი ფოტო გადაღებით: “ამდენად, აბსურდულია ის ეჭვები, თითქოს რაიმე მანიპულაცია მოხდა ამ საგამოძიებო მოქმედებებისას. ვიმეორებ, ეს საგამოძიებო მოქმედება, ისევე როგორც ბრალდებულის დაკავება, განხორციელდა საპროცესო კანონმდებლობის ზედმიწევნითი დაცვით. სხვათაშორის, ამ მტკიცებულებებმა გაიარა პირველი წარდგენის სხდომაზე სასამართლო კონტროლი და სასამართლომაც შეამოწმა: აბსოლუტურად კანონშესაბამისია ეს ჩატარებული მოქმედებები.”

დღეს, 8 მარტს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების, ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა და გაასაჯაროვა მტკიცებულებების ნაწილი: ბრალდების მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის მიერ გაკეთებული ფარული სატელეფონო და ვიდეო ჩანაწერები, ასევე დეკანოზის მიერ ინტერნეტსაძიებო სისტემაში ჩაწერილი ფრაზები. პროკურორის განცხადებით, ამ საქმეზე 30-ზე მტი მოწმე დაიკითხა, 90-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, დათვალიერდა მობილურები, კომპიუტერები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, პროკურატურამ ციანიდის საქმეზე მის ხელთ არსებული ვიდეომასალები ისე დაჭრა, რომ საზოგადოებისათვის სასურველი ვერსია ეჩვენებინა. როგორც ადვოკატი აცხადებს, ამ ვიდეოთიც კი არ დასტურდება ის, რომ დეკანოზმა მამალაძემ ან ციანიდი შეიძინა ან შორენას მოვლას აპირებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.