ახალი ამბები

კამპანიამ “კაცები ზრუნავენ” თბილისის ქუჩებში გადაინაცვლა [ფოტო]

8 მარტი, 2017 • 51929
კამპანიამ “კაცები ზრუნავენ” თბილისის ქუჩებში გადაინაცვლა [ფოტო]

კამპანიის “კაცები ზრუნავენ” ეგიდით 8 მარტიდან თბილისის ქუჩებში ნახავთ ბანერებს, სადაც კამპანიაში ჩართული მამები სხვა მამებს მოუწოდებენ, მეტი დრო დაუთმონ შვილებსა და ოჯახს.

საბა ჯაჯანიძე თავის ცოლთან, ანა კვანჭილაშვილთან ერთად, ტყუპებს ზრდის. წყვილს მოვალეობები თანაბრად აქვს განაწილებული. ისინი თანაბარი პასუხისმგებლობით ინაწილებენ გასეირნებას, ბანაობას, საკვების მომზადებას, გართობასა და ყველაფერს, რაც პატარებს სჭირდებათ.

“ჩემთვის იმდენად ბუნებრივი რამაა შვილებზე ზრუნვა, არ ვთვლი, რომ რამე განსაკუთრებულს ვაკეთებ. თუმცა, ისიც ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ასე არ ფიქრობს. შესაბამისად, თუ ვინმესთვის ჩემი პროექტში ჩართულობა პოზიტიური მაგალითი იქნება, ნამდვილად გამიხარდება. ბავშვის გაზრდაში ორივე მშობლის ჩართულობა  უმნიშვნელოვანესია. ეს იმდენად შრომატევადი რამაა, შეუძლებელია, მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაართვას თავი. ისევე, როგორც ოჯახის ყველა საქმე თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს, რომ ყველა ბედნიერად გრძნობდეს თავს”,-ამბობს საბა.

ირაკლი ბაკურიძე ორი გოგონას მამაა. ის ისევეა ჩართული შვილების მოვლასა და აღზრდაში, როგორც მისი ცოლი, მარიამ კორინთელი. მამა და შვილები ერთად სეირნობენ, თამაშობენ და კითხულობენ. ირაკლი მათთვის თითქმის ყოველდღე ამზადებს სხვადასხვა კერძს, შვილების ბანაობაც მისი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია..

„პროექტში “კაცები ზრუნავენ” დაუფიქრებლად ჩავერთე, რადგან ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისთვის, მამებსა და შვილებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის, იმისთვის, რომ შვილები მომავალში მზრუნველი პარტნიორები, თავადაც ყურადღებიანი მშობლები იყვნენ.  ამას გარდა, ყველაფერი ის, რაც კამპანიისთვის გავაკეთე – წერილის დაწერა შვილისთვის, ფოტოების, ვიდეოების გადაღება სახალისო პროცესი აღმოჩნდა და კიდევ ერთი შანსი, რომ ჩემს შვილს უფრო მეტად დავმეგობრებოდი, რაღაცები აღმომეჩინა როგორც საკუთარ თავში, ისე მასში. ამ პროექტამდე ბევრ რამეს შესაძლოა, გაუაზრებლად ვაკეთებდი, შემდეგ კი დავფიქრდი, რა არის კარგად, რის შეცვლას ვისურვებდი, კიდევ რისი გაკეთება შემეძლო ჩემი გოგოებისთვის, სადმე მცდელობას ხომ არ ვაკლებდი. კიდევ ძალიან გამახარა იმან, რომ ჩემი გოგონასადმი დაწერილი წერილი, “წერილი ლეას”, უამრავმა ადამიანმა წაიკითხა და როგორც ბევრმა მომწერა, ზოგი მშობლისა თუ მომავალი მშობლის ცნობიერებაში რაღაცები შეცვალა, ბევრი რამ სხვა თვალით დაანახათ.”-ამბობს ირაკლი ბაკურიძე.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 2016 წლიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-თან თანამშრომლობით წამოიწყო გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. კამპანია ეფუძნება ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზსა და ითვალისწინებს საქართველოს სოციალურ-კულტურულ კონტექსტს. კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია წაახალისოს კაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და ქმრების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა კაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.

კაცები ზრუნავენ

კაცები ზრუნავენ

კაცები ზრუნავენ

კაცები ზრუნავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი