ახალი ამბებიტექნოლოგიები

ვიკილიქსი: CIA-ს სმარტ-ტელევიზორების სათვალთვალოდ გამოყენება შეუძლია

8 მარტი, 2017 • 3377
ვიკილიქსი: CIA-ს სმარტ-ტელევიზორების სათვალთვალოდ გამოყენება შეუძლია

ვიკილიქსი 9000-მდე ახალ დოკუმენტს ავრცელებს, რომლებიც ტექნიკის ჰაკინგსა და ფარულ თვალთვალს ეხება. დოკუმენტებში აღწერილია ის საშუალებები, რომლებსაც აშშ-ს სადაზვერვო სამსახურები მობილურებში, სმარტ-ტელევიზორებსა და სხვა ტექნიკაში შესაღწევად იყენებენ.

ვებ-გვერდის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ჩანს, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურები ბრიტანეთთან თანამშრომლობდნენ იმ ტექნიკური საშუალებების შესაქმნელად, რომლითაც სმარტ-ტელევიზორებს, გამორთულ მდგომარეობაშიც კი, თვალთვალისათვის გამოიყენებდნენ.

Guardian-ის ცნობით, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ არსებობს პროგრამა სახელად “Weeping Angel” (მტირალა ანგელოზი), რომელიც კონკრეტულად აღწერს, როგორ შეიძლება ტელევიზორის, Samsung F8000-ის მონიტორინგისათვის გამოყენება.

გამოქვეყნებული მასალის თანახმად, CIA-ის ვირჯინიის ოფისს, აქვს ფრანკფურტში დეპარტამენტი, რომელიც ევროპას, აფრიკასა და შუა აღმოსავლეთს ფარავს. დოკუმენტები 2013 წლიდან 2016 წლამდე პერიოდს აღწერს.

აშშ-ს სადაზვერვო სამსახური გავრცელებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. ვიკილიქსში კი აცხადებენ, რომ ეს მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მხოლოდ პირველი ნაწილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი