ახალი ამბები

თეთრი ხმაურის მოძრაობა ლევან აბზიანიძის საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

7 მარტი, 2017 • 3561
თეთრი ხმაურის მოძრაობა ლევან აბზიანიძის საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

თეთრი ხმაურის მოძრაობა სრულ უნდობლობას უცხადებს ლევან აბზიანიძის საქმის გამოძიებას, თუ ცალკეულ ინსტიტუტებს, რომლებიც ჯგუფის განცხადებით, მახინჯი სისტემის მიერ ადამიანის წამებით მკვლელობის ფაქტის უბედურ შემთხვევად შენიღბვას ცდილობენ.

“დღეს, 7 მარტს, აბზიანიძის მკვლელობიდან ერთი წლისა და რვა თვის თავზე, ცნობილი გახდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც ლევან აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზად სამი აბი შარდმდენის ნაცვლად გულის ქრონიკული იშემიური დაავადება დაასახელა, ეს ყველაფერი კი იმ ფონზე როდესაც აბზიანიძის სისხლში შარდმდენ პრეპარატ “ფუროსემიდის” კვალი დადასტურებულია და ცნობილია, თუ როგორ აიძულეებდნენ პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში აბების დალევას. ასევე ცნობილია, რომ ნარკოლოგიური ექსპერტიზის ბიუროში გადაყვანის შემდგომ მოშარდვის სამარცხვინო პროცედურა მას სამჯერ გაამეორებინეს,” – აღნიშნულია თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებაში.

მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ლევან აბზიანიძის გარდაცვალების ფაქტი არის სამარცხვინო ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში:

“თეთრი ხმაურის მოძრაობა სრულ უნდობლობას უცხადებს გამოძიებას, თუ ცალკეულ ინსტიტუტებს, რომლებიც მახინჯი სისტემის მიერ ადამიანის წამებით მკვლელობის ფაქტის უბედურ შემთხვევად შენიღბვას ცდილობენ. მიგვაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნას არავითარი არსებითი ღირებულება არ გააჩნია. ლევან აბზიანიძის თუნდაც გულის შეტევით გარდაცვალება არათუ ასუსტებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, არამედ პირიქით, კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. ფაქტია, აბზიანიძის გარდაცვალება მისი რამდენიმესაათიანი წამების პირდაპირი შედეგია.

ჩვენ, შარშან, 17 ივნისს, სწორედ ლევან აბზიანიძს გარდაცვალების ერთი წლის თავზე გავმართეთ მასშტაბური და ხმაურიანი აქცია-მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, რომელსაც ათასობით ჩვენი მოქალაქე შემოუერთდა. ვდებთ პირობას, რომ აბზიანიძის, დემურ სტურუას თუ დღემდე მოქმედი ნარკოპოლიტიკის შედეგად მოკლული იმ ადამიანების უკვდავსაყოფად, რომელთა ვინაობაც უცნობი დარჩა, არ შევწვეტთ ხმაურს სისტემის ძალადობრივი მექანიზმის ძირეულ გარდაქმნამდე!” – აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლევან აბზიანიძის სიკვდილის მიზეზად არ შეიძლება ჩაითვალოს მის სისხლში აღმოჩენილი ფუროსემიდის (შარდმდენი აბი) კვალი. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ლევან აბხიანიძის ოჯახის ადვოკატმა, გიორგი სანტურიანმა განუცხადა.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომ ლევან აბზიანიძის გარდაცვალების  მიზეზია გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, განვითარებული გულის ქრონიკული იშემიური დაავადების შედეგად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი