ახალი ამბები

კობახიძე: რუსთავი 2-ის მფლობელებსა და საქართველოს შორის დაპირისპირებაში, გაიმარჯვებს საქართველო

7 მარტი, 2017 • 1252
კობახიძე:  რუსთავი 2-ის მფლობელებსა და საქართველოს შორის დაპირისპირებაში, გაიმარჯვებს საქართველო

“ეს უკვე არის დაპირისპირება რუსთავი ორის მფლობელებსა და საქართველოს შორის და დარწმუნებული ვარ, ამ დაპირისპირებაში გაიმარჯვებს საქართველო, რადგან სიმართლე არის საქართველოს მხარეს,” – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა “არჩევანში” საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღემდე საქმეს ერქვა ხალვაში-ყარამანაშვილის წინააღმდეგ, ხოლო პროცესების სტრასბურგში გაგრძელებით,  კონტექსტი შეიცვალა  და ახლა საქმეს  “რუსთავი 2” საქართველოს წინააღმდეგ ჰქვია:

“ეს უკვე არის დაპირისპირება რუსთავი ორის მფლობელებსა და საქართველოს შორის და დარწმუნებული ვარ, ამ დაპირისპირებაში გაიმარჯვებს საქართველო, რადგან სიმართლე არის საქართველოს მხარეს.  ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსთავი 2-ის მენეჯმენტი და მფლობელები საქართველოს უპირისპირდებიან, დღემდე გამარჯვებული ყოველთვის გამოდიოდა საქართველო და მე დარწმუნებული ვარ, ამჯერადად საქართველო გაიმარჯვებს, რადგან საქართველოს მხარეს არის სიმართლე.”

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მმართველი გუნდი  ძალიან მშვიდად უყურებდა რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესების განვითარებას საქართველოს საერთო სასამართლოებში გამართულ პროცესს.

“ჩვენ ვაცხადებდით, რომ ეს იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა და აქედან გამომდინარე, ჩვენ არავითარი ინტერესი გვქონდა, მათ შორის, არც პოლიტიკური ინტერესი. ასევე მშვიდად ვაგრძელებთ სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელებულ პროცესს, სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დაირღვა თუ არა რაიმე უფლება, სამართლიანი იყო თუ არა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.”

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლეთა პალატა ერთხმად დაეთანხმა მორიგე მოსამართლის მიერ 3 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის საქმეზე. მოსამართლეთა პალატის გადაწყვეტილებით, აღსრულება უვადოდ, ანუ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.  3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. არასამთავრობო  ორგანიზაციები,  მედიის წარმომადგენლების ნაწილი და  ოპოზიციური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თხოვდნენ, რომ   რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება   მანამ შეეჩერებინა, ვიდრე ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი