ახალი ამბებირეკლამა

საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ მხარდაჭერით თბილისში კანის ლომების ახლაგაზრდული ფესტივალი გაიმართება

7 მარტი, 2017 • 4552
საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“  მხარდაჭერით თბილისში კანის ლომების ახლაგაზრდული ფესტივალი გაიმართება

სარეკლამო სფეროს ყველაზე დიდი მოვლენის – კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის „Cannes Lions 2017”-ის ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი, თბილისში სტარტს პირველ აპრილს აიღებს. ღონისძიების გენერალური პარტნიორია  საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ (BGEO Group), რომლის მხარდაჭერით კონკურსი გაიმართება ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში და, შესაბამისად, ხუთი გამარჯვებული გუნდი 2017 წლის ივნისში საფრანგეთში, კანის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს სახელით მსოფლიოს საუკეთესო ტიტულისთვის იბრძოლებს. “Cannes Lions”-ის ახლაგაზრდული კონკურსი საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება. წელს, ქართული სარეკლამო სფეროსა და მარკეტინგის ახალგაზრდა ტალანტები დიზაინის, ბეჭდური რეკლამის, ციფრული კამპანიის, ახალგაზრდა მარკეტერისა და ვიდეო რეკლამის კატეგორიებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

„ბიჯეო“ ჯგუფი საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. ამავე დროს, ჯგუფი ქვეყანაში უმსხვილესი დამსაქმებელიცაა, რომელიც იზიდავს საუკეთესო ტალანტებს და ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას. „ბიჯეოს“ მოწოდებაა, მხარი დავუჭიროთ  ქართველი ტალანტების აღმოჩენას, მათ განვითარებას და საერთაშორისო ასპარზზე გასვლას,“ განაცხადა საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეო“-ს გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა. „საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის  მნიშვნელოვანია ადგილობრივი კომპანიების ზრდა, მათ შორის მართვის დასავლური სტანდარტების შესაბამისად. ყოველივე ეს კი, დამოკიდებულია განათლებული და პროფესიონალებად ჩამოყალიბებული მომავალი  თაობის არსებობაზე. სწორედ მომავალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდა ადამიანური კაპიტალის ხელშეწყობა, განაპირობებს ჩვენი ქყვენის წარმატებულ მომავალს.“

ახლაგაზრდული კონკურსის „Cannes Lions -ი” საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას ზრდის ის გარემოებაც, რომ შარშან, საერთაშორისო კონკურსზე კანში,  ახალგაზრდა მარკეტერების კატეგორიაში სწორედ ქართულმა გუნდმა მოიპოვა საპატიო პირველი ადგილი და ოქროს მედალი. ეს იყო პირველი შემთხვევა ფესტივალის არსებობის 64 წლიან ისტორიაში, როდესაც სცენაზე საქართველოს დროშა აფრიალდა. ამ ფაქტმა, რომ საქართველო გახდა გამარჯვებული ქვეყანა ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზებაში, განაპირობა მთელი ინდუსტრიისთვის ახალი შესაძლებლობები. “Cannes Lions 2017”-ის ახალგაზრდული კონკურსი ორგანიზატორების ლევან ლეფსვერიძის და აკო ახალაიას განცხადებით წელს საქართველომ უკვე 5 სხვადასხვა კატეგორიაში მოიპოვა მონაწილეობის უფლება. ეს კატეგორიებია – დიზაინი, ბეჭდური რეკლამა, ციფრული კამპანია, ვიდეო რეკლამა და ახალგაზრდა მარკეტერი.  

„Cannes Lions 2017”-ის ახალგაზრდულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სარეკლამო და ციფრულ სააგენტოებში დასაქმებულ 31 წლამდე ახალგაზრდებს. ასევე, კატეგორიაში – „ახალგაზრდა მარკეტერი” მონაწილეობას შეძლებენ ადგილობრივი კომპანიების მარკეტინგის დეპარტამენტში დასაქმებული ახალგაზრდები. კონკურსი 1, 2 და 8 აპრილს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართება. კონკურსანტები მიიღებენ დავალებას, რომლის შესასრულებლადაც 14 საათი ექნებათ. ნამუშევრებს როგორც ქართველი ასევე საერთაშორისო მაღალი კვალიფიკაციის მქონე დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს და თითო კატეგორიაში ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედალოსნებს გამოავლენს. ოქროს მედალის მფლობელი 5 გუნდი კი ივნისში საფრაგეთში, კანის ფესტივალზე საქართველოს სახელით წარდგება.

კონკურსზე რეგისტრაცია 17 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის კონკურსში მონაწილეობის პირობები შეგიძლიათ იხილოთ: ვებ გვერდზე. ასევე, ადევნეთ თვალი სიახლეებს კანის ოფიციალური წარმომადგენლობის ფეისბუქ გვერდზე.

_DSC1156

მასალების გადაბეჭდვის წესი