ახალი ამბებიეკონომიკა

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს

7 მარტი, 2017 • 4451
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს

დღეს, 7 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 პროცენტს შეადგენს.

ეროვნული ბანკის ცნობით, არსებული პროგნოზის მიხედვით, როგორც გაცხადებული იყო, მოსალოდნელია, რომ 2017 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) ინფლაცია ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენით დროებით გაიზრდება და მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.

“მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე გავლენას ძირითადად მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორები ახდენს, როგორებიცაა საერთაშორისო ბაზრებზე გარკვეულ სასაქონლო ჯგუფებზე ფასების მატება, აქციზის გადასახადი და წინა პერიოდში აშშ დოლარის გამყარება. ამავე დროს, საყურადღებოა, რომ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება როგორც საბაზო, ასევე ადგილობრივი პროდუქციისა და მომსახურების ინფლაცია. სფი ინფლაციის მაჩვენებელი მასზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შედეგად შემცირდება და მოსალოდნელია 2018 წელს იგი მიზნობრივ დონეს ჩამოსცდეს,” – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო ინფორმაციის მიხედვით, გამოიკვეთა ინფლაციის პროგნოზზე ორივე მიმართულებით მოქმედი ფაქტორები:

“ერთი მხრივ, ინფლაციის ფაქტობრივი მონაცემი უფრო მაღალია, ვიდრე პროგნოზით იყო გათვალისწინებული, რაც, შესაძლოა, დამატებით ზეწოლას ქმნიდეს ინფლაციის მოლოდინებზე. თუმცა, მეორე მხრივ, საგარეო სექტორის მაჩვენებლების გაუმჯობესების შედეგად შემცირებულია ზეწოლა ლარის კურსზე, რამაც, შესაძლოა, ინფლაციის მოლოდინები შეამციროს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი კვლავ მიზანშეწონილად მიიჩნევს წლის პირველ ნახევარში პოლიტიკის განაკვეთის 7%-მდე ზრდას, ამ ეტაპზე, ტენდენციების უკეთ გამოკვეთამდე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა თავი შეიკავა პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებისგან.”

საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, იანვარში ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო, თუმცა, ეკონომიკის პოტენციური დონიდან გადახრა ჯერ კიდევ უარყოფითია. ამდენად, როგორც ეროვნული ბანკი აცხადებს, შიდა მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება.

“ამასთან, ამ უკანასკნელის ზრდას ხელს უწყობს ეკონომიკის დაკრედიტების არსებული ტემპი. პოზიტიური ტენდენციები შეიმჩნევა საგარეო სექტორშიც. საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების შედეგად 2017 წლის დასაწყისში საქონლის ექსპორტს ზრდის ტენდენცია აქვს. ზრდას განაგრძობს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. ასევე, წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ, თუმცა, ეს მაჩვენებელი კვლავ ჩამორჩება 2014 წლის დონეს. ამასთანავე, აღსანიშნავია იმპორტის ზრდაც,” – აცხადებს ეროვნული ბანკი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მათი ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 2 მაისს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი