ახალი ამბები

კახა ბექაურმა მე-9 არხი გაურკვეველი მიზეზით დატოვა

29 ნოემბერი, 2012 • 942
კახა ბექაურმა მე-9 არხი გაურკვეველი მიზეზით დატოვა

“მე-9 არხის რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მისი გარდაქმნა, ტრანსფორმირება უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს მისი იურიდიული სტატუსის შეცვლა, თუმცა, როგორ, ეს ჯერ გაურკვეველია. ვწერ განცხადებას შვებულებაზე, თუმცა შვებულების შემდეგ აღარ ვიქნები ხელმძღვანელი. შვებულების პერიოდს გამოვიყენებ იმისთვის, რომ არხზე მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს შევუწყო ხელი. ამის შემდეგ გაგრძელდება რეორგანიზაციის პროცესი. დღეიდან კი ჩემს ადგილს დაიკავებს ლუბა ელიაშვილი, ჩემი მოადგილე საინფორმაციო დარგში,”- განაცხადა დღეს მე-9 არხის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა.

 

კახა ბექაურს არხის დატოვების მიზეზებზე საუბრის დროს არხის რეორგანიზაციას ასახელებს, თუმცა მიზეზებზე და რატომაა რეორგანიზაციის გამო თანამდებობის დატოვება საჭირო, დეტალურად არ საუბრობს. 

 

აღნიშნულ პოსტზე კახა ბექაურის ლუბა ელიაშვილით ჩანაცვლებაზე იმ აუდიოჩანაწერებშიც იყო საუბარი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბესო სურმავას სახელით გავრცელდა. აუდიოჩანაწერში, რომელიც შს ამჟამინდელ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გია ხუხაშვილს შორის შედგა, საუბარია მე-9 არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე და იმის შესახებ, რომ არხის ხელმძღვანელი ლუბა ელიაშვილი და არა კახა ბექაური უნდა იყოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი