ახალი ამბებიხელოვნება

ოქროს მომპოვებელი კომპანია ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ სამუშაოებს აწარმოებს

7 მარტი, 2017 • 5451
ოქროს მომპოვებელი კომპანია ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ სამუშაოებს აწარმოებს

ფიტარეთის მონასტრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში RMG Gold-ის შვილობილი კომპანია CMG (კავკასიის სამთო ჯგუფი) გეოლოგიურ–საძიებო სამუშაოებს ატარებს, სადაც წიაღისეულის მომპოვებელი საწარმო კეთილშობილი ლითონების ამოღებას გეგმავს. საყდრისის კომიტეტში კი არ გამორიცხავენ, რომ ამით შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქეოლოგიური ობიექტები დაზიანდეს.

საყდრისის კომიტეტმა დღეს ბრიფინგი გამართა და წინმსწრები განცხადება გააკეთა ფიტარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ CMG და RMG მათ არ აწვდის სრულ ინფორმაციას, რის გამოც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიმართეს და მოითხოვეს საკითხის შესწავლა.

როგორც კომიტეტის წევრები ამბობენ, ინფორმაცია მონასტრის მომლოცველებისგან 2016 წლის სექტემბერში მიიღეს, რომ ფიტარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაურკვეველი კომპანია აწარმოებდა გაურკვეველ სამუშაოებს და იქ დაინახეს ტექნიკაც. საყდრისის კომიტეტის განცხადებით, საკმაო დრო დასჭირდათ იმის გასარკვევად, თუ რომელი კომპანია აწარმოებდა სამუშაოებს და რა მიზნით.

“აღმოჩნდა, რომ ფიტარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გეოლოგიურ–სადაზვერვო სამუშაოებს აწარმოებდა სამთამადნო კომპანია შპს CMG, რომელიც არის RMG Gold-ის შვილობილი კომპანია. მერე მე ვესაუბრე CMG-ის გენერალური დირექტორ ჯონი შუბითიძეს, რომელიც საკმაოდ კარგად შემხვდა და მართლაც დაადასტურა, რომ მინარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გეოლოგიურ–დაზვერვითი სამუშაოები მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც მითხრა, ეს იყო მხოლოდ დაზვერვითი სამუშაოები და ჯერ არ იყო გადაწყვეტილი, დაიწყებდა თუ არა კომპანია რაიმე მსხვილმასშტაბიან სამუშაოებს. აგრეთვე, დაგვპირდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაზიანდებოდა და ა.შ.” – ამბობს საყდრისის კომიტეტის წევრი, ნინო ბურჭულაძე.

მისი თქმით, როდესაც კომიტეტმა მოითხოვა რუკა იმის გასაგებად, თუ კონკრეტულად რომელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქეოლოგიური ობიექტები არსებობდა CMG-ის სალიცენზიო ტერიტორიაზე, რეზო შუბითიძემ უარი განუცხადა:

“შუბითიძემ გადაგვამისამართა RMG Gold-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან და ეს ძალიან გამიკვირდა; თავის დროზე ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ CMG დაკავშირებული იყო RMG–ის მფლობელ დიმიტრი ტროიცკისთან. თუმცა, მაშინ RMG Gold-მა გააკეთა შემხვედრი განცხადება, სადაც უარყვეს ჩვენი ინფორმაცია და სიცრუის ტირაჟირებაში “გვამხილა”. ეს ჯერ კიდევ საყდრისის პროცესების დროს. ახლა კი ღიად დაადასტურა ბატონმა შუბითიძემ, რომ CSM იყო RMG ფაქტობრივად და სწორედ RMG Gold-ისთვის მიმდინარეობდა ეს გეოლოგიურ–სადაზვერვო სამუშაოები.”

ნინო ბურჭულაძის განცხადებით, იმის გამო, რომ კომიტეტმა ვერანაირი ინფორმაცია მოიპოვა კომპანიების მხრიდან, მიმართეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. როგორც საყდრისის კომიტეტის წევრი ამბობს, ადგილზე ყოფნისას გადაიღეს ფოტოებიც, რომელიც გადასცეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და ვითარებაში გარკვევა მოითხოვეს იმის შესახებ, თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობდა და რა მიზანს ემსახურებოდა ის.

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებს დაუდასტურეს, რომ RMG Gold ფიტარეთის უკანა ქედიდან შახტური წესით აპირებს ოქროს გამოტანას, თუმცა ისინი მაინც ხედავენ საფრთხეს, რომ შესაძლოა დაზიანდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქეოლოგიური ობიექტები.

“მონასტერი ისედაც სავალალო მდგომარეობაშია: აწვიმს, ათოვს და ფრესკები ზიანდება. ნებისმიერი მცირე ბიძგსა და მძიმე ტექნიკის მუშაობის დროსაც შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სერიოზულად დაზიანდეს. გარდა ფიტარეთს მონასტრისა, იქ არის კიდევ ძალიან ბევრი არქეოლოგიური ობიექტი. CMG-ის გენერალური დირექტორი ადასტურებს, რომ იქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ობიექტია და მათი უმრავლესობა დღემდე შეუსწავლელია, რის გამოც სამუშაობი ჩაატარეს არქეოლოგიური მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა როდესაც მოვითხოვეთ ინფორმაცია, ვინ აწარმოა ეს მეთვალყურეობა და ა.შ. მან ასევე გადაგვამისამართა RMG Gold-თან. შუბითიძემ გვითხრა, რომ ეს ყველაფერი RMG-ის სამსახურმა გააკეთა, მაგრამ ამ კომპანიას არქეოლოგიური სამსახური არ ჰყავს. ეს არის კიდევ ერთი ტყუილი; აქედან ჩვენ უკვე გამოვთქვით შეშფოთება და ვარაუდი, რომ შეიძლება საერთოდ არ ჩატარებულიყო ეს სამუშაოები არქეოლოგიური დაკვირვების ქვეშ,” – ამბობს ბურჭულაძე.

ანა მიქაუტაძე და ნინო ბურჭულაძე, საყდრისის კომიტეტი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ანა მიქაუტაძე და ნინო ბურჭულაძე, საყდრისის კომიტეტი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

როგორც საყდრისის კომიტეტის წევრები ამბობენ, ერთი კვირის წინ კვლავ მიმართეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, საიდანაც მათ კითხვებზე შესაბამის წერილს ელოდებიან:

“იცით, რომ RMG Gold-თან “საომარი” ურთიერთობა გვაქვს, რის გამოც ჩვენ არ გვაძლევენ ინფორმაციას RMG Gold და CMG. აქედან გამომდინარე, ერთადერთი საშუალება ინფორმაციის მიღების არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, თუმცა მათი ნდობის ხარისხიც დაბალია – გვახსოვს, საყდრისთან მიმართებაში მათი წვლილიც. მიუხედავად ამისა, მაინც მივმართეთ სააგენტოს და ველოდებით წერილებს. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად კვლავ გააქტიურდა ეს თემა ადგილობრივ მოსახლეობაში. იმის გამო, რომ ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი გარკვეულ ინფორმაციებზე, გადავწყვიტეთ, ეს პრევენციული განცხადება გაგვეკეთებინა.”

საყდრისის დაცვის კომიტეტი მოუწოდებს კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, რომ უფრო მეტი ყურადღებით იყვნენ ამ პროცესების მიმართ. მათი განცხადებით, აუცილებელია, რომ ეს პროცესები იყოს უფრო გამჭვირვალე და საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რათა 2014 წლის საყდრისის აფეთქების მსგავსი პრეცენდენტი აღარ განმეორდეს.

ნეტგაზეთი CMG-ის გენერალურ დირექტორს ჯონი შუბითიძეს ესაუბრა, რომელიც ადასტურებს, რომ CMG და RMG ერთ ჯგუფში შემავალი კომპანიები არიან. მისი თქმით, “კავკასიის სამთო ჯგუფი” წლებია ყველა იურიდიული ნორმის დაცვით აწარმოებს გეოლოგიურ–საძიებო სამუშაოებს ფიტარეთიდან ორი კილომეტრის მოშორებით და ეს პროცესი, ოქროს მოპოვებამდე, შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.

“მათ [საყდრისის კომიტეტის წევრებს] ტელეფონზე ვესაუბრე და ავუხსენი, რომ გეოლოგიურ–საძებო სამუშაოებს ვატარებთ ყველა წესისა და იურიდიული ნორმების დაცვით. არქეოლოგიური ობიექტები და ძეგლებიც მინიმუმ ორი კილომეტრით არის დაშორებული იმ ტერიტორიიდან, სადაც ვატარებთ სამუშაოებს – შუაში უზარმაზარი ქედია. გეოლოგიურ–საძიებო სამუშაოები ჩვენ გვაქვს მიღებული ლიცენზია 2011 წლიდან და სამუშაოები შეიძლება კიდევ 5 წლით გაგრძელდეს. ეს არ არის მხოლოდ ფიტარეთი. ჩვენ მუდმივათ ვმუშაობთ. უბრალოდ, ახლა წამოწიეს მაგათ ეს თემა, თორემ 2011 წლიდან ვმუშაობთ უკვე, უზარმაზარი სამუშაოები გვაქვს ჩატარებული და კიდევ ჩავატარებთ; ძიებითი, ბურღვითი გეოლოგიური შესწავლითი სამუშაოები – ეს არის შესწავლითი სამუშაოები სალიცენზიო ტერიტორიაზე და ყველა იურიდიული ნორმების დაცვით ვმუშაობთ ჩვეულებრივად. არცერთ არქეოლოგიურ და კულტურულ ძეგლს ახლოს არ ვეკარებით და თუ რამე აღმოჩნდება, იმას არ ვეხებით. იყო ასეთი შემთხვევა და მივიყვანეთ ჩვენ არქეოლოგები; შემოღობეს, გაასუფთავეს და ა.შ,” – ამბობს შუბითიძე.

CMG-ის დირექტორის განცხადებით, თუ საწარმო და სახელმწიფო შეთანხმდებიან ერთმანეთში, დაცული იქნება ყველა იურიდიული ნორმა, უნდა გაკეთდეს შესაბამისი პროექტი და ამის შემდეგ დაიწყოს კეთილშობილი ლითონების მოპოვება:

“პერსპექტივაში, თუ საწარმო გადაწყვეტს, შესაბამისი მარაგები იქნება, მოხდება სახელმწიფოსთან შეთანხმება, შესაბამისი პროექტი გაკეთდება და ეს იქნება ყველა ნორმის დაცვით, მერე, რა თქმა უნდა, შეიძლება ფიქრი [ოქროს მოპოვების], მაგრამ ჯერ არ არის ამაზე საუბარი. ეს კომპანია ოქროზე და ფერად ლითონებზე მუშაობს. ჩვენი ძიებითი სამუშაოების მიზანი არის ამ კეთილშობილი ფერადი ლითონების აღმოჩენა და მარაგების დამტკიცება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ერთ ჯგუფში შემავალი კომპანები ვართ: RMG არის დაკავებული წარმოებით, პროდუქციის გამოშვებით, ხოლო CMG არის კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც გეოლოგიურ–საძიებო სამუშაოებს თავის სალიცენზიო ფარგლებში ატარებს. ეს არის რეალობა და ჭეშმარიტება.”

ფიტარეთის მონასტერი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ქციის ხეობაში მდებარეობს. მონასტერ მანგლისისა და წალკის ეპარქიის დაქვემდებარებაში შედის. ისტორიული წყაროებით, მონასტრის აშენება ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით თარიღდება.

ფიტარეთის მონასტერი © creative commons / ნინო ოზბეთელაშვილი

ფიტარეთის მონასტერი © creative commons / ნინო ოზბეთელაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი