ახალი ამბები

აბაშის გამგეობამ ჭყონდიდის ეპარქიისთვის გადაცემული “ნივა” უკან დაიბრუნა

7 მარტი, 2017 • 1642
აბაშის გამგეობამ ჭყონდიდის ეპარქიისთვის გადაცემული “ნივა” უკან დაიბრუნა

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჭყონდიდის ეპარქიისთვის სარგებლობის პირობით გადაცემული ავტომობილი “ნივა” უკან დაიბრუნა.

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ავტომობილი ეპარქიას მუნიციპალიტეტმა 5 წლის წინ 2012 წლის 6 თებერვალს გადასცა უფასო ნათხოვრობის ხელშეკრულებით. ხელშეკრულებას ვადა 6 თებერვალს გაუვიდა, რადგან ავტომობილი 5 წლის ვადით იყო გადაცემული.

გამგებელი ამბობს, რომ გამგეობამ დაიბრუნა ეს ავტომობილი, შეაფასებენ მის ღირებულებას და ხელახლა ისევ გაიტანენ საკრებულოს სხდომაზე, საკითხს, რომ ისევ ეპარქიას გადასცენ.

“გავიდა ხუთი წელი და უკან წამოვიყვანეთ, რომ ექსპერტიზა გაუკეთდეს, რომ დავაფასოთ საბალანსო ღირებულება რამდენია, რა არის, ქონება ჩვენს ბალანსზეა რიცხული. ცვეთა ხომ არის ტექნიკაზე. საკრებულოზე გავიტანთ, მის გარეშე ვერ ვიზამ. ასეთი პროცედურა არის”, – ამბობს გამგებელი.

კითხვაზე, თუ რატომ უნდა გადასცეს სარგებლობაში ავტომობილი ეპარქიას გამგეობამ, კვიტაშვილი ამბობს, რომ მანქანა წინა ხელისუფლებამ ათხოვა ჭყონდიდის ეპარქიას, ხოლო თითონ 2014 წელს აირჩიეს თანამდებობაზე.

გამგებელი ამბობს, რომ აღნიშნული ქმედება არანაირად არ უკავშირდება საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს და არც ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი