ახალი ამბები

2017 წლის იანვრის მდგომარეობით კერძო დაზღვევის არმქონეები საყოველთაოს საბაზისო პაკეტით ისარგებლებენ

7 მარტი, 2017 • 32536
2017 წლის იანვრის მდგომარეობით კერძო დაზღვევის არმქონეები საყოველთაოს საბაზისო პაკეტით ისარგებლებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით,  შეიცვლება დისკრიმინაციული ვითარება  და საყოველთაო დაზღვევის საბაზისო პაკეტით სარგებლობას შეძლებენ ის პირები, ვინც 2013 წლის ივლისის შემდეგ კერძო დაზღვევა დაკარგა და ვერც საყოველთაო აღიდგნა.

2017 წლის მარტამდე მოქმედი რეგულაციით, 2013 წლის ივლისის მდგომარეობით კერძო დაზღვევის მქონე პირები, რომლებიც. კერძო დაზღვევის სისტემას გამოეთიშნენ, საყოველთაო დაზღვევის მხოლოდ მინიმალური პაკეტით სარგებლობდნენ. საბაზისო პაკეტისგან განსხვავებით მინიმალურ პაკეტი, ითვალისწინებს მხოლოდ: ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიულ მომსახურებას,  სისხლის საერთო ანალიზსა და შარდის საერთო ანალიზს, მშობიარობას– ლიმიტი 500 ლარი, საკეისრო კვეთას – ლიმიტი 800 ლარი, გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონარული მომსახურებას.

“2017  წლის 1 მარტიდან საბაზისო პაკეტით მოსარგებლეები ნაცვლად 2013 წლის 1 ივლისისა ხდებიან 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დაზღვევის არმქონე პირები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ასეთი პირები ამა თუ იმ მიზეზით დაკარგავენ კერძო დაზღვევას, უფლება ეძლევათ ისარგებლონ ე.წ. მინიმალური პაკეტით,”- აღნიშნულია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ცვლილების მიზეზი იყო ის, რომ 2017 წლის 1 მარტს 2013 წლის მდგომარეობით არსებული დაზღვეული პაციენტების ბაზები განახლდა.

დავით სერგეენკომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი 7 მარტს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“მონაცემთა ბაზების განუახლებლობა, რომელსაც 2013 წლიდან ჰქონდა ადგილი, იყო ორი ჯგუფის პრობლემების გამომწვევი. ერთი ჯგუფი იყო, რომ ადამიანები, რომელთაც 2013 წელს  ჰქოდათ კერძო დაზღვევა, შესაბამისად ვერ მოხვდნენ საყოველთაო ჯანდაცვაში. შემდგომში დაკარგეს კერძო დაზღვევა და ვერ დაიბრუნეს საყოველთაო საბაზო პაკეტი და ასეთი ადამიანების რაოდენობამ შეადგინა 115 ათასი. ისინი იყვნენ აშკარად დისკრიმინირებულები. 1 მარტის ცვლილებებით, მათ მიეცათ საშუალება, რომ მიიღონ საყოველთაო ჯანდაცვის სრული პაკეტი, თუკი მათ არ აქვთ. ასეთი მოქალაქე, რომელთაც ჰქონდათ აშკარად დისკრიმინაციული მდგომარეობა, 115 ათასიდან აღმოჩნდა 55 ათასი. დანარჩენს ჰქონდა კერძო დაზღვევა და მინიმალურსაც ორმაგი დაფინანსებით იყენებდა. მეორე მხრივ, აღმოჩნდნენ ადამიანების ჯგუფი, რომელთაც 2013 წელს არ ჰქონდა კერძო დაზღვევა, გახდა საყოველთაოს მონაწილე და შემდგომში შეიძინა კერძო დაზღვევა და სარგებლობდა ორივე დაფინანსებით. ასეთი ადამიანების რაოდენობა არ აღმჩნდა დიდი, 40 ათასამდე არის და ეს ორი მნიშვნელოვანი დისკრიმინაციული მომენტი, პოზიტიური და ნეგატიური, გაბათილდება,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

თუ გსურთ, გაიგოთ, მინიმალური პაკეტით სარგებლობთ თუ ან საბაზისოთი, დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (1505) და ოპერატორი ამ ინფორმაციას პირადი ნომრის საფუძველზე მოგაწვდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი