ახალი ამბები

კოტე კუბლაშვილი: დაუშვებელია მოსამართლეს ვინმემ პასუხი მოსთხოვოს

29 ნოემბერი, 2012 • • 1592
კოტე კუბლაშვილი: დაუშვებელია მოსამართლეს ვინმემ პასუხი მოსთხოვოს

კონსტანტინე კუბლაშვილის ცნობით, 2010 წელთან შედარებით 2012 წელს მსჯავრდებულთა რაოდენობა 33.5%–

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

ით შემცირდა, ხოლო პატიმრობა სასჯელის სახით დაეკისრა 33.37%–ით ნაკლებ პირს, არსებითად განხილულ საქმეებში კი 9.3%–მდე გაიზარდა გამამართლებელი განაჩენის წილი.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ერთ–ერთი ყველაზე პრინციპული საკითხი, რაც 2013 წლის ბოლომდე უნდა გადაწყდეს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაა.

 

“პირველი საკითხი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, ეს გახლავთ მოსამართლეთა უვადო დანიშვნის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა, ანუ შესაბამისი კანონპროექტის მომზადება იმისათვის, რომ ჩვენი კანონმდებლობა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. როგორც იცით, კონსტიტუციაში უკვე არსებობს ნორმა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეები უნდა დაინიშნონ უვადოდ 65 წლის ასაკამდე და არა 10 წლით, როგორც დღეს ინიშნებიან. ამისათვის საჭიროა, რომ სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შევიდეს ცვლილება და ეს ცვლილება მიღებულ უნდა იქნეს 2013 წლის ნოემბრის თვემდე, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე. ეს ნორმა უნდა ამოქმედდეს ამ შედეგების გამოცხადების შემდეგ”, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

 

კუბლაშვილისვე თქმით, უახლოეს მომავალში სისხლის სამართლის ყველა საქმის აუდიო-ოქმის წარმოება დაიწყება. ყველა მხარეს გადაეცემა ეს აუდიოჩანაწერი და შემდეგ ისინი მერე გადაწყვეტენ, ამას როგორ გაავრცელებენ.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მას გააჩნია მყარი პოზიცია, რომ სასამართლოში არ უნდა იყოს დაშვებული ვიდეოგადაღება: “მიმაჩნია, რომ რომელიმე ტელევიზიისათვის მთელი სხდომის გადაღების უფლებამოსილების მიცემა და მერე იაროს და ყოველდღე ასე გადაიღოს ყველაფერი, ეს გარკვეულწილად მართლმსაჯულების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ბევრი სხვადასხვა მიზეზია, მაგრამ ერთ–ერთს გეტყვით: პირველ რიგში, ეს დიდ პრობლემას უქმნის არა სასამართლოს, არამედ პირველ რიგში მხარეებს და მოწმეებს, რომლებიც გამოდიან საქმეზე. ეს არის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი და ვთხოვ გაითვალისწინონ. ეს პრობლემას შეუქმნის საქმის ობიექტურად დასრულებას. მე თანახმა ვარ , რომ ვიდეოკამერები შემოვიდნენ, გადაიღონ ბრალდებული და ასევე გადაიღონ გადაწყვეტილების გამოცხადების ნაწილი”.

 

“ნეტგაზეთმა” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჰკითხა მოქალაქეების დაჯარიმების შესახებ, რაც ეხებოდა უკანონო პოლიტიკურ შემოწირულობებს. კერძოდ, 2012 წელს, არჩევნებამდე, საქართველოს სხვადასხვა სასამართლოებმა ათეულობით პირი გაასამართლეს პარტიებისთვის უკანონო შემოწირულობის განხორციელებისთვის, შესაბამისად, მათ ქონება დაუყადაღეს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კი ჯერ კიდევ ხელისუფლების გადაბარებამდე, 2012 წლის ოქტომბერში მიიღო გადაწყვეტილება პარტიებისთვის უკანონო შემოწირულობისთვის დაჯარიმებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დაყადაღებული ქონების დაბრუნების შესახებ.

 

“სააღსრულებლო წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს უფლება აქვს, გააუქმოს აღსრულება, თუ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პროცედურული ან სხვა ტიპის დარღვევებით”, – განაცხადა მაშინ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურმა, თუმცა არ განუმარტავთ, რა ტიპის დარღვევაზე იყო საუბარი.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვკითხეთ,  ხედავდა თუ არა სასამართლოთა პასუხისმგებლობის საკითხს ამ საქმეებზე ერთგვაროვანი გადაწყვეტილებების გამოტანის გამო, რა დარღვევის საფუძველზე შეეძლო აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ფაქტიურად, გაეუქმებინა სასამართლოების გადაწყვეტილება, ან ხომ არ შეცდა აღნიშნული უწყება?

 

აღნიშნულთან დაკავშირებით კონსტანტინე კუბლაშვილმა გვიპასუხა: “ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, თითქოს მათ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თავისით შეცვალეს გადაწყვეტილება, ეს ასე არ იქნებოდა. მე დარწმუნებული ვარ, გარკვეული პროცედურები იქნებოდა აღსრულების ეტაპზე და იქ შეიძლება რაღაც შეიცვალოს. ჩვენ, მაგალითად, გვქონდა საკითხი, როცა იგივე სახის თემას ეხებოდა. სასამართლოს მომართეს იმისათვის, რომ გაგვეუქმებინა ჩვენ მიერვე მიღებული გადაწყვეტილება გარკვეულ ყადაღებთან დაკავშირებით. სასამართლომ ეს არ გააკეთა. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რაღაც ფორმით შეცვლის საშუალება სამართლებრივად არსებობს უკვე აღსრულების ეტაპზე. სასამართლო იქ აღარ ერევა. ჩვენ გვითხრეს, რომ ჩაერიეთო და ჩვენ ვუთხარით, არ ჩავერევით იმიტომ, რომ ეს უკვე თავად გადაწყვიტონ იმ კონკრეტულმა კომპეტენტურმა ორგანოებმა. აქაც, მე ვფიქრობ, ასეთი პროცედურა იქნებოდა. რაც შეეხება იმის თქმას, რომ ეს გადაწყვეტილებები უკანონო იყო და ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, საერთოდ ყველა ასეთ მიდგომაზე მინდა გითხრათ არა მარტო ჩემი, არამედ კანონმდებლობის პოზიცია არის ასეთი: დაუშვებელია, მოსამართლეს ვინმემ პასუხი, ანგარიში, მოსთხოვოს კონკრეტულ საქმეზე”.

 

კუბლაშვილის თქმით, წლების წინ კანონში იყო ნორმა “განზრახ უკანონო განაჩენის მიღებასთან” დაკავშირებით, რომელიც მოსამართლის პასუხისგებაში მიცემას ითვალისწინებდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებით, სწორედ ამ ნორმის საშუალებით ახდენდნენ საგამოძიებო ორგანოები ზეწოლას მოსამართლეებზე, ამ ნორმას არასამთავორბოებიც აკრიტიკებდნენ 3–4 წლის წინ, რის შემდეგაც ეს კანონი პარლამენტმა შეცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი