ახალი ამბები

ჯაში: თითოეულ უნივერსიტეტში დარჩება სტუდენტების წარმომადგენლობის ერთი წამყვანი ორგანიზაცია

7 მარტი, 2017 • 2579
ჯაში: თითოეულ უნივერსიტეტში დარჩება სტუდენტების წარმომადგენლობის ერთი წამყვანი ორგანიზაცია

განათლების კომიტეტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დღეს, 7 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მარიამ ჯაშის განცხადებით, სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმების მოთხოვნა კომიტეტმა არ გაითვალისწინა:

“სტუდნეტური თვითმმართვეელობის გაუქმების მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული. თითოეულ უნივერსიტეტში დარჩება სტუდენტების წარმომადგენლობის ერთი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც უნდა აირჩეს სტუდენტების სულ მცირე 10 პროცენტის მიერ. თუმცა,  უნივერსიტეტის დონეზე, სტუდენტებმა თავად უნდა აირჩიონ, თუ რა სახით , რა სტრუქტურით, რა უფლება-მოვალეობით, რა წესდებით იფუნქციონირებს სტუდენტური ორგანიზაცია. მათ შეუძლიათ აირჩიონ სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტური კლუბი, ასამბლეა, რომელიც სხვასხვა ქვეყნებში წარმატებით ფუნქციონირებს. კანონპროექტი დავარეგისტრირეთ და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გავაგრძელებთ განხილვას.”

მარიამ ჯაშის განმარტებით, ცვლილება ეხება სტუდენტების საფაკულტეტო საბჭოებში პირდაპირი არჩევის წესს:

“დღეისათვის პირდაპირი არჩევის წესი მოქმედებს სენატის წარმომადგენლობისთვის და ახალი ცვლილება ათანაბრებს სტუდენტების უფლებას  არჩეული იყოს როგორც სენატში, ისე საფაკულტეტო საბჭოში. თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტმა წესდება უკვე შეცვალა და ეს წესი ამოქმედდა. ეს ეხება არა მარტო ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებს, არამედ მეორე და მესამე საფეხურის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებსაც”.

დეპუტატის განმარტებით,  პროექტით უზრუნველყოფილია სტუდენტების უფლება, თანაბარი წვდომა ჰქონდეთ  რესურსებთან ინიციატივების დაფინანსებისთვის, კონკრეტული სემინარების, გამოფენების, თუ სხვა ღონისძიებებისთვის:

“თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტში ეს წესი უკვე დამკვიდრდა, მაგრამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იგივე უფლებით ისარგებლებს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტი. დაფინანსების წესი არ ეხება სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებას, რადგან ეს ისედაც უნივერსიტეტის დონეზეა გადასაწყვეტი. ცვლილებებით, უნივერსიტეტების ხელმზღვანელობა ვალდებული ხდება სტუდენტების ინიციატივების და განცხადებების განხილვის პროცესის გამჭვირვალობა უზრუნველყოს, რომ კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გადაწყვიტონ რა დაფინანსდება და რა არა.”

მარიამ ჯაშმა იმედი გამოთქვა, რომ აუდიტორია 115 თსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტირებას შეწყვეტს:

“ჩვენ ძალიან სერიოზული შრომა გავწიეთ, როგორც სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ასევე აუდიტორია 115-ის წევრებთან ერთად. იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ აუდიტორია 115 გადმოდგამს საპასუხო ნაბიჯს, შეწყდება თბილისის სახელმწიფოს უნვიერსიტეტის მეექვსე კორპუსის პიკეტირება და სტუდენტებს სწავლის განახლების შესაძლებლობა მიეცემათ. ”

_______________________________________________

შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბრის ღამეს აუდიტორია 115-ის წევრებმა დაიკავეს მეექვსე კორპუსის შენობა. შენობა ამ დრომდე პიკეტირებულია.  25 ნოემბერს ისინი შეეცადნენ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლას, თუმცა მათი მცდელობის მიუხედავად არჩევნები შედგა. აუდიტორია 115 -მა  არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, ისინი საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ.

სტუდენტური მოძრაობის მოთხოვნებს შორისაა:

  • საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში განიხილოს სტუდენტების მიერ შემოთავაზებული ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი მოდელი გაუქმდება, ხოლო მას ჩაანაცვლებს თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სტუდენტური გაერთიანებები;
  • თსუ-ის საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები ჩატარდეს კანონში ცვლილების მიღების შემდეგ, პირდაპირი წესით;
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს გარე რეფერირების პრინციპის დანერგვის პროცესი;
  • სრულად რეაბილიტირდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი;
  • გაიზარდოს მეცნიერების დაფინანსება;

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი