ახალი ამბებისაზოგადოება

ქალი პოლიციაში

7 მარტი, 2017 • 6559
ქალი პოლიციაში

“ქალი ხარ და რა გინდა პოლიციაში? აქ არ არის შენი ადგილიო – ამას ყველა მეუბნებოდა კარიერის დასაწყისში, თუმცა დღემდე მტკიცედ მჯერა, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გავაკეთე. პოლიციაში მსახურება არ განისაზღვრება სქესით. ვთვლი, რომ თავი უკვე დავიმკვირდე და მომავალშიც მხოლოდ იმას ვაპირებ, რომ განვვითარდე,” – ამბობს ნატო ჭინჭარაული, რომელიც პოლიციის ოფიცერია თბილისიდან. ის 7 მარტიდან 9 ქვეყნიდან ჩამოსულ 300-მდე სხვა ქალ ოფიცერთან ერთად თბილისში კონფერენციას “ქალი პოლიციაში” დაესწრება.

IMAG2144

ნატო ჭინჭარაული. პოლიციის ოფიცერი თბილისიდან.

ყოველწლიური ოთხდღიანი საერთაშორისო კონფერენცია დღეს გაიხსნა. კონფერენციას ქალი პოლიციის ოფიცრები პაკისტანიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, მაკედონიიდან, მოლდოვიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ესწრებიან.

კონფერენცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველი წლის მარტში იმართება. ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიება სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. წელსაც რამდენიმე დღის მანძილზე ქალი პოლიციელები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

ნატო ჭინჭარაულის მგსავსად ქალი პოლიციელები სხვადასხვა ქვეყნიდან აღნიშნავენ, რომ კარიერული არჩევანის გაკეთება მარტივი არ ყოფილა და საზოგადოება ქალს პოლიციის ოფიცრის ამპლუაში მარტივად არ იღებს.

IMAG2139

“4 წელია ვმსახურობ სამხედრო სამსახურში. 2 წელი, რაც პოლიციის დანაყოფთან ერთად მიხდება მუშაობა. ძირითადად, ვუზრუნვეყოფთ სახელმწიფო და სხვა მნიშვნელოვანი პირების უსაფრთხოებას. როგორც პოლიციის ოფიცერი ვემსახურები საზოგადოებას, რაც ჩემთვის დიდი პატივია. უნდა აღინიშნოს, რომ კარიერის დასაწყისში წავაწყდი წინააღმდეგობებს, მხოლოდ იმიტომ რომ ქალი ვარ. შოვინიზმი ყველა ქვეყანაში დღემდე პრობლემას წარმოადგენს. პაკისტანში მთავარი გამოწვევა სწორედ კაცების დომინანტური პოზიციაა, თუმცა დღევანდელი კონფერენციაც იმისი მაჩვენებელია, რომ განწყობები იცვლება.” – აბრინა ლიანი, პაკისტანი.

IMAG2146

“მოლდოვის სპეციალური დანაყოფის ლეიტენანტი ვარ. 4 ძმა მყავს, რომლებმაც პოლიციის აკადემიაში ჩააბარეს და მეც ასევე გადავწყვიტე, რომ მათ მაგალითს უნდა გავყოლოდი. პოლიციის უნიფორმის ტარება ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. შემდეგ პოლიციის ოფიცერი შემიყვარდა და ცხოვრებაში ყველაფერი ისე წარიმართა, რომ პოლიციაში მსახურება ჩემს ნაწილად იქცა. იმ სპეციალურ დანაყოფში, რომელშიც მე ვმსახურებ ყველა ქალს, კაცების თანაბრად მოეთხოვებათ დაამტკიცონ, რომ იმსახურებენ ადგილს დანაყოფში. ფიზიკურად ეს მძიმე გამოწვევაა. მე ყოველ დღე მიხდებოდა შემენარჩუნებინა ჩემი ადგილი. დაახლოებით 15 კილომეტრის გარბენა სრული აღჭურვილობით მძიმე დავალებაა. ვვარჯიშობდი სროლაში კაცებთან ერთად და ერთ-ერთზე ვჩხუბობდი კაც მოწინააღმდეგეებთან. ღირდა თუ არა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა! მე უბრალოდ დანაყოფის წევრობა მინდოდა და ახლა, მე დანაყოფის ხელმძღავანელი ვარ. არასოდეს უნდა მისცეს უფლება ვინმეს უარი გათქმევინოს საკუთარ მიზნებზე,” – იანა როშკა, მოლდოვა.

“მე ვარ სერჟანტი კლარკ კენტის პოლიციის დეპარტამენტიდან და მაქვს უფლება ვატარო უნიფორმა. მთელი დღის განმავლობაში 911-ზე შემოსული ზარების საფუძველზე ვპატრულირებ. მე ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე დიდი სურვილი, რაც კი ოდესმე გამაჩნდა. მე არასოდეს მიგრძვნია თავი დაჩაგრულად და კარიერულ გზაზე არ შემომხვედრია დაბრკოლება საკუთარი სქესიდან გამომდინარე. შეიძლება ვთქვათ, რომ ქალი პოლიციელების მიმართ დამოკიდებულება შტატებშიც ბოლო 20 წლის მანძილზე შეიცვალა და საზოგადოება ამის მიმართ უფრო გახსნილ გახდა. პირიქით – ეს არის ძალიან საამაყო პროფესია,” – კორტი გეილი, ჯორჯიის შტატი, აშშ

ქალი პოლიციის ოფიცრები სომხეთიდან

ქალი პოლიციის ოფიცრები სომხეთიდან.

კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ გახსნეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე შსს-ში ქალთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა, ხოლო შსს-ს აკადემიის სამაგისტრო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა შორის ქალებმა კაცებს გადააჭარბეს.

წუთიერი დუმილით ასევე პატივი მიაგეს კახეთის რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის, მაია ჯავახიშვილის ხსოვნას.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადეს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ამიერკავკასიის რეგიონის ხელმძღვანელმა კეთლინ კენინგმა,  აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს (INL) დირექტორმა  მაიკლ მაკმენმა და ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი მელანო ფანჯავიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი