ახალი ამბები

კონკურსი GPB-ის ახალი საეთერო ბადისთვის – რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამეურვეო საბჭო

7 მარტი, 2017 • 1724
კონკურსი GPB-ის ახალი საეთერო ბადისთვის – რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამეურვეო საბჭო

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის განცხადებით, საბჭო დღევანდელ სხდომაზე მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილ გეგმასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს 17 ივლისამდე ყველა არსებული სატელევიზიო გადაცემებების შენარჩუნებას, ხოლო ახალი საეთარო ბადისთვის კონკურსის გამოცხადებას.

სალაძის თქმით, ამ გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ ახალი საეთარო ბადისთვის ჩატარდეს კონკურსი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც არსებული გადაცემები, ასევე ახალი იდეები. როგორც სამეურვეო საბჭოს წევრი ამბობს, ამ დროისთვის უცნობია, როგორ დაკომპლექტდება კომისია და რა ვადებში იმუშავებს ის. მისი თქმით, რეალურად, წინა გეგმასა და ამ გეგმას შორის სერიოზული ცვლილები არ არის.

“სტრუქტურა, რომელიც 2 მარტს შემოვიდა მენეჯმენტის მხრიდან დიდწილად არ განსხვავდება იმ ვერსიისგან, რომელიც წარმოდგენილი იყო 6 თებერვალს. ერთადერთი სხვაობა არის ის, რომ მენეჯმენტმა სატელევიზო ბადის არსებული სახით 17 ივლისამდე დარჩენის შესახებ განაცხადა. მთვარი კითხვა არის, თუ რა იქნება 17 ივლისის შემდეგ და რა გავლენას მოახდენს 17 ივლისის შემდგომ მოვლენებზე. მე მაქვს წარმოდგენილი გარკვეული ინფორმაცია, რომელსაც წარვუდგენთ საბჭოს: ეს შეეხება იმას, თუ რა სხვაობაა 6 თებერვლის და 2 მარტის სტრუქტურის ვერსიებს შორის. ეს ვიზუალური მასალა დადასატურებს სინამდვილეში გამარტივება ხდება თუ სხვა რამეს ემსახურება ახალი სტრუქტურის წარმოდგენა.”

სულხან სალაძის თქმით, გარდა საინფორმაციო გამოშვებისა, ახალ სტრუქტურაში მენეჯმენტი ამბობს, რომ სხვა გადაცემებთან დაკავშირებით დაიწყებს პროცედურებს კონკურსის გამოცხადებასთან მიმართებაში.

“მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გადაცემაში დასახელებული ადამიანები, ასევე მნიშვნელოვანია ადმინისტრაცია. შესაძლოა, რომ ადმინისტრაციაში დასაქმებულ ადამიანებზე სტრუქტურის ცვლილებებმა გავლენა მოახდინოს; საუბარია 17 ივლისის შემდგომ პერიოდზე. საუბარია იმაზე და ლეგიტიმიური კითხვა ჩნდება, რომ თუ 17 ივლისის შემდგომ უნდა დაიწყოს პროცესები, რატომ შედის სტრუქტურაში ცვლილებები ახლა,” – განაცხადა სხდომის დაწყებამდე სალაძემ.

როგორც სამეურვეო საბჭოს წევრი ამბობს, საბჭოზე ასევე შემოტანილია ინფორმაცია გრაფიკთან დაკავშირებით, თუ როდის დაიწყება კონკრეტული პროცედურები: როდის შეიქმნება კომისია, როდის გამოვლინდება გამარჯვებული გადაცემები და როდის იქნება მზად ახალი სატელევიზიო ბადე.

სულხან სალაძე. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სულხან სალაძე. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი