ახალი ამბები

ჟორჟოლიანი რუსთავი 2-ზე: ეს ენმ-ს რევანშისტული პოლიტიკური კამპანიაა

7 მარტი, 2017 • 2544
ჟორჟოლიანი რუსთავი 2-ზე:   ეს ენმ-ს რევანშისტული პოლიტიკური კამპანიაა

“სოციალ-დემოკრატები” მიიჩნევენ, რომ “რუსთავი 2”-ის საქმის გარშემო მიმდინარე კამპანია ანტიხალხური და ანტიდემოკრატიულია. გია ჟოჟოლიანის განცხადებით,  ეს  რევანშისტული პოლიტიკური კამპანია –  ბრძოლა ხელისუფლებისათვის, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” წარმართავს.

“დღეს მიმდინარეობს რევანშისტული პოლიტიკური  კამპანია, ბრძოლა ხელისუფლებისთვის, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმართავს. ადგილი აქვს მანიპულირების მცდელობას როგორც ქართული საზოგადოების, ასევე ჩვენი უცხოელი მეგობრების შეცდომაში შეყვანის მიზნით.  კამპანიის ამოცანაა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა დააკისროს მოქმედ ხელისუფლებას, ხოლო სასამართლო წარმოაჩინოს მის მარიონეტად,” – განაცხადა  “სოციალ-დემოკრატების” ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა  დღეს, 7 მარტს გამართულ ბრიფინგზე .

მისივე თქმით, სოციალ-დემოკრატები არ ეხებიან სასამართლო პროცესის მიმდინარეობას და აქცენტს პოლიტიკურ კონტექსტზე აკეთებენ:

“ჩვენ არ ვეხებით სასამართლო პროცესს და იმედს გამოვთქვამთ, რომ როგორც ჩვენი, ასევე სტრასბურგის სასამართლო მესაკუთრის საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. რასაკვირველია, ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას და პლურალიზმს (არსებული კანონმდებლობის ფარგლებში) და მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი მაუწყებლობა თავისუფალი უნდა იყოს სარედაქციო პოლიტიკაში, თუნდაც საზოგადოების დიდი ნაწილი ამას მიიჩნევდეს სიცრუედ და არაობიექტურად.  ამასთან ერთად, საზოგადოების ამ დიდ ნაწილსაც აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება ამა თუ იმ სარედაქციო პოლიტიკის მიმართ, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში.”

სოციალ-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ექცევა ნაციონალური მოძრაობის, მისი მემკვიდრეებისა და სატელიტების გავლენის ქვეშ და აქტიურად ერთვება რეალურად ანტიხალხურ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ კამპანიაში, რის გამოც პარტია შეშფოთებას გამოთქვამს:

“ამ კამპანიას საერთო არაფერი აქვს სიტყვის თავისუფლების დაცვასთან.  მოვუწოდებთ საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივ გაერთიანებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებსა და ჩვენს მოქალაქეებს – ვიყოთ ფხიზლად, სწორად დავინახოთ რეალობა, არ მოვექცეთ ნაციონალური მოძრაობის, მისი მემკვიდრეებისა თუ სატელიტების პოლიტიკური ხრიკებისა და ინტრიგების ტყვეობაში,  არ მივცეთ წარმატების შანსი რეპრესიული რეჟიმის მემკვიდრე ძალების რევანშისტულ მოძრაობას.”

გია ჟორჟოლიანის თქმით, საზოგადოება არ დაუშვებს 2012 წლის ოქტომბრის მონაპოვრის ეჭვქვეშ დაყენებას და  დამნაშავე რეჟიმის მემკვიდრეთა უპასუხისმგებლო, ანტიხალხური, ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული, ანტიჰუმანური გეგმების განხორციელებას:

გვჯერა ქართველი ხალხის მეხსიერებისა და სიბრძნისა და დარწმუნებული ვართ, რომ მთელი საზოგადოება წინ აღუდგება რევანშისტულ ძალებს და არ დაუშვებს 2012 წლის ოქტომბრის მონაპოვრის ეჭვქვეშ დაყენებას.   ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ კამპანიის პოლიტიკურ შინაარსს , ეს არ არის სასამართლოზე, არ არის სიტყვის თავისუფლებაზე, ეს არის პოლიტიკურ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიხალხურ, ანტიდემოკრატიულ კამპანიაზე ორიენტირებული მოძრაობა.”

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 3 მარტის გადაწყვეტილებით  8 მარტამდე შეაჩერა რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსულება.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.  არასამთავრობო  ორგანიზაციები,  მედიის წარმომადგენლების ნაწილი და  ოპოზიციური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თხოვენ, რომ   რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდეს  მანამ, ვიდრე ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი