ახალი ამბები

“ჩემი სხეული ჩემი საქმეა!”, “დაამსხვრიე შუშის ჭერი!” – 8 მარტის ქალთა აქციების მოთხოვნები

6 მარტი, 2017 • 8560
“ჩემი სხეული ჩემი საქმეა!”, “დაამსხვრიე შუშის ჭერი!” – 8 მარტის ქალთა აქციების მოთხოვნები

2017 წლის 8 მარტს ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით თბილისში ორი მსვლელობა გაიმართება, რომელთა მონაწილეები ყოფილ პარლამენტთან ერთიან აქციას გამართავენ, რომლსაც ორი ძირითადი გზავნილი ექნება – დისკრიმინაციის დასრულება სამუშაო ადგილებზე და ქალების ჰქონდეთ სექსუალური ცხოვრების უფლება.

“ჩემი სხეული ჩემი საქმეა!”

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ინიციატივით, ‘საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები’,’ქალთა მზერა’, ‘ვისგი’ და ფემინისტი აქტივისტები სექსუალური თავისუფლების მოთხოვნით 8 მარტს, 13:00 საათზე შეიკრიბებიან ფილარმონიის წინ, საიდანაც მარშით გაემართებიან პარლამენტისკენ და შეუერთდებიან ქალთა სოლიდარობის აქციას პარლამენტთან.

„2017 წლის 8 მარტის მსვლელობაზე „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ ინიციატივით ქალები ვერთიანდებით, რომ ხმამაღლა მოვითხოვოთ ის უფლებები, რაც ჩვენს სხეულსა და სექსუალობას ეხება. ამავდროულად, ჩვენ გვინდა ვამხილოთ ის პრაქტიკები, რაც ამ უფლებებს გვიზღუდავს“, – ამბობენ „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრები.

აქციის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ქართული საზოგადოება არ აძლევს ქალს უფლებას განკარგოს საკუთარი სხეული და სექსუალობა, რის გამოც ქალებს უწევთ დამალონ საკუთარი სექსუალური აქტივობა, ან სულაც – უარი ვთქვათ მასზე.

“ქვეყნის ეროვნული იდენტობის გადარჩენა/კვლავწარმოება გაიგივებულია ჩვენი სექსუალობის ხელშეუხებლობასთან, რის გამოც ჩვენს სხეულზე კონტროლი ეროვნული ღირსების საკითხი ხდება!”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი იხსენებს, რომ ამ დამოკიდებულებების გამო, ქალებს დღემდე უჭირთ აღიარონ, რომ სექსუალური ცხოვრება გააჩნიათ. ამას ადასტურებს 2017 წელს გამოცემული კვლევის “თაობა გარდამავალ პერიოდში” შედეგებიც (ფრიდრიხ ებერტის ფონდი), სადაც ქალ რესპონდენტთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ ჰყოლია ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი მაშინ, როცა იმავე პუნქტში მსგავსი გამოცდილებით მამაკაცთა 57% იწონებს თავს.

© გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

© გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ამბობს, რომ ამ ყველაფრის გამო ქალებს ჯერ კიდევ აშანტაჯებენ სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრებით, სექსუალურად ავიწროებენ სამუშაო ადგილას და საჯარო სივრცეში, უხეშად ერევიან პირად სქესობრივ ცხოვრებაში, მათ შორის ”ოჯახის სახელის შესანარჩუნებლად”, ამავდროულად, იმავე ოჯახში, ავალდებულებენ ქალებს ჰქონდეთ სექსი მაშინ, როცა არ სურთ, ქალებს დამნაშავედ მიიჩნევენ  მაშინაც, როდესაც მათზე ძალადობენ, აუპატიურებენ ან კლავენ.

“დაამსხვრიე შუშის ჭერი!”

მეორე აქცია სახელწოდებით “დაამსხვრიე შუშის ჭერი”, რომელიც ქალების უფლებების დაცულობას შეეხება სამუშაო ადგილებზე 13:30 საათზე, კანცელარიის შენობასთან “ქალთა მოძრაობა” გამართავს.

“ქალთა მოძრაობის წევრები” წარმოადგენენ პერფომანსს “დაამსხვრიე “შუშის ჭერი”! და ვიზუალურად განასახიერებენ იმას, რაც უხილავია და უამრავ ქალს აწევს მხრებზე.

“შუშის ჭერი” – ასე უწოდებენ იმ არსებულ, მაგრამ ერთი შეხედვით უხილავ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიან ქალებს კარიერულ წინსვლაში. საქართველოში გოგონების და ქალების აკადემიური მოსწრება შესანიშნავია, სამსახურებშიც პასუხსიმგებლობით და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან ქალები. მიუხედავად მათი ნიჭიერებისა და გონიერებისა, კარიერული წინსვლის მხოლოდ გარკვეულ ეტაპს აღწევენ – იკავებენ მენეჯმენტის შუალედურ რგოლს და ვეღარ წინაურდებიან. სწორედ ამ დროს ამბობენ, რომ ქალმა “შუშის ჭერს” მიაღწია და მეტად ის წინ ვეღარ წაიწევს”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

“ქალთა მოძრაობას” მიაჩნია, რომ “შუშის ჭერი” თითქმის ყველა ქვეყნის პრობლემაა, ის არსებობს კერძო და საჯარო სამსახურებში, პოლიტიკურ პარტიებშიც. “ქალთა მოძრაობა” მიმართავს ხელისუფლებას, რომელსაც შეუძლია ამ უხილავი ბარიერების მოხსნა გენდერული კვოტების და სხვა საკანონმდებლო რეგულაციების შემოღების გზით.

მთავრობის კანცელარიიდან  “ქალთა მოძრაობა” შეუერთდება 8 მარტის ქალთა სოლიდარობის აქციას ყოფილ პარლამენტთან, სადაც სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი ქალები სიტყვით გამოვლენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი