ახალი ამბები

პარლამენტი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსს განიხილავს

6 მარტი, 2017 • 4543
პარლამენტი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსს” განიხილავს. კოდქსი ცვლილებების შეტანას 22 კანონში ითვალისწინებს.

ეს კოდექსი არეგულირებს ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტთან და სახელმწიფო ან კერძო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან ჯანმრთელობაზე. კოდექსის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ექსპერტიზის ჩატარების პროცედურები.

“კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სურვილი, შეასრულოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით საქართველოს მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრულყოფისა და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება, იზრუნოს გარემოზე და მოახდინოს გარემოზე მავნე ზემოქმედების პრევენცია, შემსუბუქება ან თავიდან აცილება.”

კანონპროექტის მიხედვით, დაინერგება სექტორული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა.  კერძოდ, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაექვემდებარება ყველა ის საქმიანობა (მასშტაბისა და კატეგორიის მიხედვით), რომელიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

სანებართვოს სისტემის გაუქმება

კანონპროექტის მიხედვით, უქმდება არსებული გარემოზე ზემოქმედების სანებართვო სისტემა. კანონპროექტის შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგად, გაიცემა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაცემის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენა სამინიტროში, საჯარო განხილვის მოწყობა სამინიტროს მიერ და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. ამ პროცესების პარალელურად, მიმდინარეობს ექსპერტიზა და საზოგადოების მიერ შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა. სამინიტრო, ექსპერტიზის, საზოგადოების შენიშვნებისა და მოსაზრებების და საკუთარი შეფასების საფუძველზე, გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებით განისაზღვრება ის პირობები, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა საქმიანობის განხორციელების ეტაპზე. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცედურა ტარდება 51-დან 55 დღის განმავლობაში.

გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ახალი ჩამონათვალი

კანონპროექტით განსაზღვრულია გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული ახალი საქმიანობების ჩამონათვალი. გარემოზე ზემოქმედების რისკებისა და ზემოქმედების ხარისხის გათვალისწინებით, საქმიანობები დაჯგუფებულია  ორ დანართში. პირველ დანართში მითითებული საქმიანობები ცალსახად ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. რაც შეეხება მეორე დანართში მითითებულ საქმიანობებს, მათთვის თავდაპირველად გათვალისწინებულია სკრინინგის პროცედურის ჩატარება, რომლის საფუძველზეც დადგინდება ექვემდებარება თუ არა საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

პროექტის მიხედვით, სკოპინგი არის  პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისათვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს.  ხოლო,  სკრინინგი არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ის ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას.

“ამდენად, ერთი შეხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი იზრდება, თუმცა, რეალურად, მეორე დანართში მოცემული საქმიანობები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას, თუ ეს დადგინდება სკრინინგის გადაწყვეტილებით.”

ამასთან, თუ პირი მიიჩნევს, რომ მიერ დაგეგმილი საქმიანობა სავალდებულოდ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას,  უფლებამოსილი იქნება, პირდაპირ სკოპინგის განცხადებით მიმართოს გარემოს დაცვის სამინისტროს (სკრინინგის ეტაპის გავლის გარეშე) და ითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. ასეთ დროს პირი დაზოგავს სკრინინგის ეტაპისათვის გათვალისწინებულ დროს და ვადებს და შესაბამისად ადმინისტრაციულ წარმოებას სამინისტროში დაიწყებს სკოპინგის ეტაპით.

საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმა

ცვლილებების მიხედვით,  საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინიტრო. აღნიშნული მექანიზმის გამოყენება შესაძლებელია, როგორც სკრინინგისა და სკოპინგის ასევე გზშ-ს ეტაპებზე. სამინიტრო მოცემულ შემთხვევაში გამოსცემს სამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემაზე უარის თქმის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ერთ-ერთი გარემოება, კერძოდ, თუ საქმიანობის განხორციელებით დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ან სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით ან/და ექსპერტიზის დაკვნით დგინდება გარემოზე ზემოქმედების ხასიათის და მოცულობის მიუღებლობა, გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენციის შეუძლებლობა ან/და გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ზომების მიღების შეუძლებლობა.

 გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლება

გარემოზე ზემოქმედების შეფასებისგან გათავისუფლება შესაძლებელია იმ კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის, რომლის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების გატარება. ასეთ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი სამინიტროს წარუდგენს დასაბუთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ გზშ-ის პროცედურამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საჭირო ღონისძიებების დროულად განხორციელებას. რაც გულისხმობს, რომ საქმიანობის განხორციელება უკავშირდება შემჭიდროვებულ ვადებს და გზშ-ს პროცედურის ჩატარებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ზემოაღნიშნული გარემოებების დროულად აღმოფხვრას.

“აქვე, აღსანიშნავია, რომ გზშ-სგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის წარდგინების საფუძველზე მიიღებს საქართველოს მთავრობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამომდინარე იქედან, რომ გზშ-სგან გათავისუფლება განხორციელდება სახელმწიფო უსაფრთხოების ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე და საკითხი არ ეხება მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებას, მიზანშეწონილია, მთავრობამ, როგორც კოლეგიურმა ორგანომ იმსჯელოს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. დამატებით განისაზღვრა ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა, იმ შემთხვევისათვის თუ საქმინობის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, განცხადებას ასევე თან უნდა ერთვოდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი შეუამდგომლობა,” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

საექსპერტო კომისია და პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში

საექსპერტო კომისიის შექმნის მიზანია კომპეტენტური და დამოუკიდებელი პირების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საექსპერტო კომისია ატარებს ექსპერტიზას წარდგენილ დოკუმენტზე (გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში, ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში). კომისიის დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სამინიტროს მიერ სწორი და არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც დაფუძვნებული იქნება შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ ჩატარებულ კვლევაზე და მათი მხრიდან საკითხის სრულყოფილად შესწავლაზე.

“კომისიის მიერ მიღებული დასკვნა წარედგინება სამინიტროს. სამინიტრო სათანადოდ ითვალისწინებს კომისიის დასკვნას. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. აღნიშნული თავი ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.”

საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

კანონპროექტით დადგენილია საზოგადოების მიერ შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის ელექტრონული და წერილობითი საშუალებები. ამასთან, საზოგადოებას მოქმედ კანონთან შედარებით უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აქვს შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა.  კერძოდ, სკრინინგის, სკოპინგის და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების, სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციის გაცემის პროცესში. საზოგადოების მონაწილეობა გულისხმობს მათ ინფორმირებას, მათთვის მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას სხვადასხვა საშუალებებითა და სხვადასხვა ეტაპზე. ამასთან, გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში ასახოს ყველა ის მოსაზრება, რაც წარმოდგენილია საზოგადოების მიერ და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინოს გადაწყვეტილების მიღებისას.

“აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ინფორმირება და საჯარო განხილვის ორგანიზება იქნება არა საქმიანობის განმახორციელებლის, არამედ, სახელმწიფოს, კერძოდ, სამინისტროს ვალდებულება. ამით უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების უფრო ეფექტიანი მონაწილეობა და ამასთან, საქმიანობის განმახორციელებლები გათავისუფლდებიან ამ ტვირთისგან.”

საქმიანობის შემდგომი ანალიზი

ყველა საქმიანობისათვის ტარდება საქმიანობის შემდგომი ანალიზი. აღნიშნული პროცედურის ჩატარების შედეგად, სამინიტრო და საზოგადოება გააანალიზებს რამდენად სწორი იყო ის დაშვებები, რაც გაკეთდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დროს, რა რეალური მაჩვენებლები დაფიქსირდა საქმიანობის ეტაპზე და სხვ.

“აღნიშნული ანალიზი საშუალებას მისცემს საზოგადოებას და სამინიტროს შემდგომი გადაწყვეტილებების გაცემის პროცესში, გაითვალისწინონ სხვა საქმიანობის განხორციელების შედეგები და მათი შეფასებები დაფუძნებული იყოს კონკრეტულ გამოცდილებაზე.”

კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით  ნაწილზე

კანონპროექტის მიღება საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

“აუცილებელი იქნება საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურის უზრუნველყოფისათვის სათანადო მატერიალური და ადამიანური რესურსების გამოყოფა (რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, რადგან წარმოდგენილი კოდექსის პროექტით, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილის ამოქმედება განსაზღვრულია 2018 წლის 1 იანვრიდან). სწორედ ამიტომ, საბიუჯეტო პროცესის დაგეგმვისას, ორივე სამინისტრომ 2018 წლის ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული საკითხები და განსაზღვროს თანხების ის სავარაუდო ოდენობა, რაც აუცილებელი იქნება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ინსტრუმენტის აღსრულებისათვისათვის,” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი