ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: გადასასვლელების დახურვა ემსახურება აფხაზეთის საქართველოსგან დაცილებას

6 მარტი, 2017 • 1914
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: გადასასვლელების დახურვა ემსახურება აფხაზეთის საქართველოსგან დაცილებას

საქართველო პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო.

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებას ემსახურება.

„ყოვლად აღმაშფოთებელია ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება გადასასვლელების დაკეტვას. ეს არის საქართველოს მოსახლეობის გაყოფისაკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს არ მისცეს დანარჩენ საქართველოსთან ურთიერთობის საშუალება. ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადადგმული კიდევე ერთი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს ამ ტერიტორიების ჩამოცილებას საქართველოსგან. საქართველოს პრეზიდენტი იმთავითვე გამოეხმაურა ამ პროცესს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან აქტიური ჩართულობისაკენ. ბუნებრივია, რომ ეს აქტივობა კიდევ უფრო გაძლიერდება და ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია რუსეთის იმ ნაბიჯების წინააღმდეგ, რომლებიც მიზნად ისახავენ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას და დაცილებას საქართველოსაგან“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქართულ მხარეზე მოსახვედრად დარჩენილი ოთხი გამშვები პუნქტიდან,  პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი დარჩება. მომავალში კი, მხოლოდ ერთი – “ენგური”. აქ მოსახვედრად გალის რაიონის გარკვეული სოფლების მცხოვრებლებს 15-30 კილომეტრის მანძილის გავლა დასჭირდებათ, მაშინ, როდესაც, მაგალითად, სოფელ ბატიგუარადან ქართულ მხარემდე მოსახვედრად ადამიანებს 70 მეტრის გავლა უწევთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი