ახალი ამბები

კანონპროექტი ნადირობის შესახებ და მონადირეების პროტესტი

6 მარტი, 2017 • 5740
კანონპროექტი ნადირობის შესახებ და მონადირეების პროტესტი

მთავრობა ნადირობის რეგულირების ინიციატივით გამოდის და ამ მიზნით, გარემოს დაცვის სამინისტრომ უკვე მოამზადა კანონპროექტი, რასაც აპროტესტებენ მონადირეები, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ იგი დამატებით პრობლემებს შექმნის.

სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიზანია ნადირობის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, შენარჩუნება და სოციალური თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული ნადირობის უფლების განხორციელების უზრუნველყოფა.

კანონპროექტის განხილვის შესაჩერებლად მონადირეებმა საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბეს და პეტიციაც გაავრცელეს. ისინი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით,  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით სათემო და/ან სატროფეო ნადირობის კონცეფციების და მდგრადი ნადირობის ეროვნული სტრატეგიის ჩამოყალიბებას მოითხოვენ.

ახალი სსიპ და სამონადირეო ტერიტორია

პროექტის მიხედვით, იქნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული საშენი მეურნეობა, რომლის მიზანია ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის, მათ შორის, იშვიათი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნებისა და გამრავლებისათვის ხელის შეწყობა, ასეთი სახეობების მოპოვება, მოშენება, მოვლა და სხვა

ცვლილებების თანახმად, ნადირობა დასაშვებია მხოლოდ სამონადირეო ტერიტორიაზე. სამონადირეო ტერიტორიის გამოყოფა დასაშვებია სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან/და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ხოლო დაუშვებელია სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნულ პარკების მკაცრი რეჟიმის დაცვის ზონებში, ბუნებრივ ძეგლებში და მჭიდროდ დასახლებული პუნქტების ზონაში. სამონადირეო ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება იწყება სამინისტროს ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების (წინადადების) საფუძველზე.

თუ სამონადირეო ტერიტორიის არეალში მდებარეობს კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მაშინ ადმინისტრაციული ორგანო შესაბამის მესაკუთრეს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მის მონაწილეობას წარმოებაში. სამინისტროს გადაწყვეტილება სამონადირეო ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე, როგორც წესი, ძალაშია 30 წლის განმავლობაში. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია დადგინდეს სხვა ვადა. ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს სამინისტროსაგან მოითხოვოს მისი ნაკვეთზე ნადირობის განხორციელების აკრძალვა. მესაკუთრის თანხმობის გარეშე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნადირობის განხორციელება დაუშვებელია.

ამასთან, სამონადირეო ტერიტორია მართვის უფლებით შეიძლება გადაეცეს მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებული ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობას, არასამეწარმეო იურიდიული პირს ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოში დარეგისტირებულ იურიდიულ პირს. ცვლილებების მიხედვით, სამონადირეო ტერიტორიის მმართველს სანადირო სახეობის მოპოვების უფლება გადაეცემა კვოტით ან კვოტის გარეშე. დადგენილი კვოტების ფარგლებში სამონადირეო ტერიტორიის მმართველი უფლებამოსილია მესამე პირებს (მონადირეს) მისცეს ნადირობის განხორცელების უფლება.

კანონპროექტის მიხედვით, სამონადირეო ტერიტორიაში ნადირობის საფასური და მოთხოვნები მონადირეების მიმართ (მათ შორის მათი პასუხისმგებლობის დაზღვევის საკითხი) დგინდება სამონადირეო ტერიტორიის მმართველი გამგეობის გადაწყვეტილებით. ხოლო ნანადირევზე საკუთრების უფლების მონადირეზე გადასვლის საკითხი წესრიგდება მონადირესა და სამონადირეო ტერიტორიის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით. კვოტით დადგენილ ფარგლებში განხორციელებული ნანადირევისთვის მოსაკრებლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

ნანადირევის ტრანსპორტირება

ნადირობის შედეგად გარემოდან ამოღებული სახეობის ტრანსპორტირება დასაშვებია სამონადირეო ტერიტორიის მმართველის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს სახეობის კანონიერი გზით მოპოვებას.

ნანადირევი ობიექტების ტრანსპორტირება სათანადო დოკუმენტაციის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

“აჯამეთის ფერდობზე სულ სახნავ-სათესი მიწებია. ყველა მათგანი კერძო საკუთრებაა. ჩვენ მესაკუთრის თანხმობის გარეშე ვერც ვნადირობთ, მონადირეეები ვურიგდებით მას. ეს მიწები სამონადირეო ტერიტორიაში შევა და ყანის მეპატრონემ შეიძლება თქვას, რომ არ სურს მის ნაკვეთში ინადირონ. ტერიტორია გახდება დაყოფილი. რუკები უნდა მივცე ადამიანებს, რომ ამ ნაწილში შედით, იმ ნაწილში არ შეხვიდეთ თქო? ეს უაზრობაა,” – ამბობს მონადირე ავთო დარახველიძე.

“ეს წესი ვერ იმუშავებს ჩვენთან. რა ვუთხრა ყანის მეპატრონეს, შენს ნაკვეთში ვინადირებ და წელიწადში ამდენ თანხას გადაგიხდით თქო? რა ვიცი სად მთავრდება მისი ყანა და იწყება სხვისი? ან რა ვიცი, მწყერი სად დაჯდება?” – ამბობს დავით ყვავაძე.

მონადირეთა ტესტირება

პროექტის მიხედვით, მონადირე/ბაზიერი არის პირი, რომელსაც შესაბამისი ტესტირების საფუძველზე მოპოვებული აქვს მონადირის/ბაზიერის მოწმობა. ნადირობის მოწმობა მოქმედებს უვადოდ. მონადირეთა ტესტირება ატარებს მეურნეობა. ტესტირება აგრეთვე შეიძლება ჩაატაროს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მეურნეობასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ტესტირება, როგორც წესი, შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან. ტესტირება ტარდება სახელმწიფო ენაზე. თუ ტესტირება ტარდება მეურნეობის მიერ, ტესტირების ჩატარების წესის პროექტს და საგამოცდო კომისიის დებულების პროექტს შეიმუშავებს თვითონ მეურნეობა და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.  ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ პირი იღებს ნადირობის მოწმობას, რომელსაც გასცემს მეურნეობა ან მომსახურების სააგენტო (დელეგირების შემთხვევაში).

“55 წლამდე ტესტირება ყველამ უნდა გაიაროს, მაგრამ 70 წლის ადამიანს ვერ მოთხოვ იმ ტერმინების სწავლას, რაც ამ კანონპროექტშია,” – ამბობს დათო  ყვავაძე, საინიციატივო ჯგუფის წევრი.

ნადირობის წესების დარღვევა 

პროექტის მიხედვით, აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში. ნადირობისას აკრძალულია არასანადირო გარეულ ცხოველთა შეწუხება. ცხოველთა მკაცრად დაცული და დაცული სახეობების დაცვა შეწუხებისგან პრიორიტეტულია ნადირობის ინტერესებთან შედარებით. ხოლო, ნადირობის ვადების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც სანადირო სახეობის კონსერვაციისა და რეპროდუქციის პირობები, ისე ნადირობის პრაქტიკული განხორციელების რეალური წინაპირობები. დაუშვებელია გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა უკან ბუდობის ადგილზე გადაფრენის პერიოდში.

ნადირობის წესების დარღვევა სანადირო სახეობისათვის მიკუთვნებულ ობიექტზე ნადირობისას – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

სანადიროდ დაშვებული იარაღები და მეთოდები

კანონპროექტის თანახმად, აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში. [ სანადირო იარაღის სახეებია:  სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);  სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);   სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);  სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;  სანადირო პნევმატური იარაღი]

პროექტით, აკრძალულია სანადირო სახეობათა არასელექტიური ხასიათის მეთოდებით დაჭერა ან მოკვლა, რომლის გამოყენებამ მოცემულ ტერიტორიაზე შესაძლებელია გამოიწვიოს სახეობათა დაღუპვა ან მნიშვნელოვანი შეშფოთება, მათშორის აკრძალულია: ტექნიკური ვიზუალური სისტემების გამოყენება (მაგალითად, ლაზერული პროექტორები ან გამოსახულების გამადიდებლები); დაბრმავებული ან დამახინჯებული ცოცხალი ფრინველების სატყუარად გამოყენება;  აუდიო-ხმოვანი მატყუარების გამოყენება; ყველა ტიპის ხაფანგის, მარყუჟის ან/და ბადეების გამოყენება, გარდა იმ ტიპისა, რომელთა მეშვეობით გარანტირებული იქნება სანადირო სახეობის უვნებლად დაჭერა;  მომაკვდინებელი ან/და დამარეტიანებელი საწამლავის, წებოს, ასაფეთქებელი ნივთიერებების, გაზის, კვამლის, მცენარეულ საფარზე ცეცხლის წაკიდების, ელექტრონული ან მსგავსი მოწყობილობების გამოყენება;  ავტომატური ცეცხლსასროლი სანადირო იარაღის გამოყენება;  ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი სანადირო იარაღის გამოყენება, თუ მასში ორზე მეტი ვაზნაა მოთავსებული;  გლუვლულიანი და ხრახნლულიანი თოფებისთვის ტყვიის შემცველი მასალის გამოყენება; ნებისმიერი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებიდან ნადირობა.  ხოლო, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ დაჭრილი ცხოველის მოსაკლავად, თუ ის ამისთვის შესაბამისი სიძლიერისაა.

მონადირეების პეტიცია

პრემიერ-მინისტრისა და გარემოს დაცვის მინისტრის სახელზე დაწერილ პეტიციაში, ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ მათი პროტესტი  რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, რომელთაგან  უმთავრესი და ყველაზე დამაფიქრებელია ბუნებრივი რესურსების (მიწის, ტყის ფონდის, წყლის რესურსების) განაწილების და გადაცემის საკითხი.

“საქართველოს მთავრობის დამტკიცებული დადგენილებით ,,2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცების შესახებ”, ცალსახად არის გამოკვეთილი  ნადირობის, მონადირეების, სანადირო რესურსების, მდგრადი მოპოვებისა და გამრავლების საკითხები.  ამავე  დოკუმენტში მკაფიოდ არის განსაზღვრული სხვა ბუნებრივი რესურსების მართვის ასპექტები, მათ შორის: მიწა, სასოფლო სამეურნეო (მთისა და ბარის) საძოვრები, ტყისა და წყლის რესურსები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის წარმოდგენილ კანონპროექტთან.  მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეისათვის წარმოდგენილი კანონპროექტი წინ უსწრებს და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის #434 დადგენილებით განსაზღვრულ გეგმას.

კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჯერ არ არის მოწესრიგებული სამონადირეო სივრცე, შემოთავაზებული კანონპროექტი ახდენს ისეთი ცნებების ინიცირებას, როგორებიცაა: სანადირო ტერიტორია და სანადირო ტერიტორიის მმართველი. ამასთან, არ არის დაკონკრეტებული სანადირო ტერიტორიების განსაზღვრის და ამ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მკაფიო პრინციპები.    ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტის შესაბამისად, დღეს, საუბარი სანადირო ტერიტორიების შესახებ, სანადირო მმართველების დანიშვნაზე, ფედერაციის შექმნასა თუ სხვა მსგავს საკითხებზე წარმოადგენს არასწორი მენეჯმენტის წარმოქმნის წინაპირობას,” – აღნიშნულია პეტიციაში.

პეტიციის თანახმად, მონადირეებს უწევთ კანონიერ ნადირობასა და „ბრაკონიერებას“ შორის არსებულ ძალიან ვიწრო ზღვარზე გავლა, რათა არ დაარღვიონ კანონი და ინადირონ პატიოსნად, კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში:

“გარწმუნებთ, რომ ნადირობის შესახებ აღნიშნული კანონპროექტის ამ რედაქციით მიღება საქართველოს მონადირეების 80%-ზე მეტს ავტომატურად და უნებლიედ გადააქცევს „ბრაკონიერად“, რაც საზოგადოებაში სოციალური და სხვა ტიპის დაპირისპირების საფრთხეებს წარმოშობს. ჩვენ ვართ კანონმორჩილი მონადირეები. ბრაკონიერები შველსაც კლავენ და უფრო ცუდ საქციელებსაც ჩადიან. ამ კანონპროექტით  შემოდის ბუნდოვანი ტერმინები, გაუმართავი ტერმინები, რომელიც ვისაც როგორც უნდა, ისე განმარტავს. დილეტანტური მიდგომა აქვთ,” – ამბობს საინიციატივო ჯგუფის ლიდერი, დავით ლალაძე.

გარემოს დაცვის სამინსიტროს არგუმენტები

სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტი უფროსი  კარლო ამირგულაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ საჯარო განხილვების დროს კანონპროექტში შესწორებები შევიდა და გადამუშავებულ ვარიანტს სამინისტრო მალე წარმოადგენს.

“თვითონ მონადირეებიც ამბობენ, რომ სამონადირეო სივრცე მოუწესრიგებელია. მაგიტომაც შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ მიდგომებს მოიცავს. ჩვენ თვითონაც გვაქვს შენიშვნები, კიდევ უფრო მეტ დახვეწას საჭიროებს ტერმინები, მათი განმარტება, მთელი რიგი საკითხები, რაც მათ შორის, იარაღს, ნადირობის სეზონს ეხება და ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ. სამუშო პროცესში ყველა კონსტრუქციულ მოსაზრებას გავითვალსიწინებთ,” – ამბობს კარლო ამირგულაშვილი და აღნიშნავს, რომ   ეს კანონპროექტი 2014-2020 წლის სტრატეგიას არ ეწინააღმდეგება და მასთან ჰარმონიაშია, რადგან კანონპროექტის მთელი არსი ის არის, რომ ნადირობა მართვად ტერიტორიაში მოექცეს.

ამირგულაშვილის თქმით, ნადირობისთვის გამოყოფილი ტერიტორიები მოინიშნება და შესაბამისი მითითება გაკეთდება. მისივე აზრით,  ტესტირებას ნებისმიერი ასაკის ადამიანი უნდა დაექვემდებაროს.

“უნდა გადავწყვიტოთ,  სანადირო ტერიტორიები  გვინდა თუ მწყერზე და იხვზე ნადირობა. მწყერზე და იხვზე ნადირობას კანონი არ სჭირდება, ამას მინისტრის ბრძანებით დავარეგულირებთ და ტესტირებასაც არ ექნება აზრი, მაგრამ თუ ჩვენ ნადირობის სფეროს მოწესრიგება გვსურს, მაშინ ყველა ადამიანისთვის სავალდებულო უნდა იყოს ტესტირება. ყველამ უნდა იცოდეს ნადირობის წესები, იარაღის გამოყენება და ელემენტალური ბიოლოგია,” – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი