ახალი ამბები

ძველიშვილი: კვირიკაშვილმა შესაძლო მედიაომბუდსმენად დუნია მიატოვიჩის დონის ექსპერტი დაასახელა

6 მარტი, 2017 • 2088
ძველიშვილი: კვირიკაშვილმა შესაძლო მედიაომბუდსმენად დუნია მიატოვიჩის დონის ექსპერტი დაასახელა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ პრემიერმინისტრს ჰქონდა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო ექსპერტები არ იღებენ ზუსტ ინფორმაციას საქართველოს მედიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ნატა ძველიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პრემიერმინისტრმა არასამთავრობოების კოალიციასთან “მედიაადვოკატირებისთვის” შეხვედრისას განაცხადა, რომ მას სურს, შექმნას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი და მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტები.

ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ახსენა, რომ მედიაომბუდსმენი შეიძლება იყოს საერთაშორისო ექსპერტი, მაგალითად, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის დუნია მიატოვიჩის დონის, თუმცა ძველიშვილი ამბობს, რომ მან პრემიერს შეახსენა რომ მიატოვიჩს არაერთი რეკომენდაცია აქვს მედიასთან დაკავშირებით გაკეთებული და ჯობდა ისინი შეესრულებინათ.

“ჩვენ პრემიერმინისტრსაც ვუთხარით, რომ თუ მაინც და მაინც კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების შემუშავება სურთ, თუ შესაძლებელია ომბუდსმენი გაძლიერდეს ამ მიმართულებით. ასევე, შევახსენე ისიც, რომ საერთაშორისო აქტორების მხრიდან და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, ისედაც ხდება მედიაში არსებული პრობლემების შეფასება და ჯობდა ის რეკომენდაციები შეგვესრულებინა რაც აქამდე გაცემულა. მან თქვა, როგორც გავიგე, რომ უბრალოდ კითხვის ნიშნები აქვს ექსპერტებთან, რომლებიც აფასებენ აქაურ მდგომარეობას, რამდენად იღებენ ისინი რეალურ ინფორმაციას არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით”, – ამბობს ნატა ძველიშვილი.

ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ პირადად არ ხედავს ასეთი ინსტიტუტის შექმნის საჭიროებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი