ახალი ამბები

პრემიერი: პატივს ვცემთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე

6 მარტი, 2017 • 1793
პრემიერი: პატივს ვცემთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს “რუსთავი 2-ის” საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერების თაობაზე, პატივისცემით ეკიდება.

“ჩვენ პატივს ვცემთ  ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ  ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ამ დამოკიდებულებით ვეკიდებით სწორედ  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავის 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, დროებითი ზომის გამოყენების თაობაზე”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა 6 მარტს გაავრცელა.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც საერთაშორისო დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა არაერთხელ აღიარა.

გიორგი კვირიკაშვილს მიაჩნია, რომ სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა მთავრობის პოლიტიკის შედეგია.

“სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტია და მის საქმიანობაში ჩარევა და მისი გადაწყვეტილებების უპატივცემულობა,  სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია, ისევე როგორც – სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. აღნიშნული  ღირებულებებით ხელმძღვანელობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ასეთია ევროპული დემოკრატიის  საფუძველი და სწორედ ასეთი სახელმწიფოს აშენებაში მხარდაჭერას და გვერდში დგომას ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან”, – აცხადებს პრემიერმინისტრი.

ეს განცხადება პრემიერმინისტრმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც 6 მარტს შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას მედიის ადვოკატირებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი