ახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოში სირიიდან ლტოლვილთა ბანაკის გახსნის იდეა რუსული აქცენტით

6 მარტი, 2017 • 3587
საქართველოში სირიიდან ლტოლვილთა ბანაკის გახსნის იდეა რუსული აქცენტით

თბილისი აცხადებს, რომ საქართველოში სირიიდან ლტოლვილთა ბანაკის მოწყობის საკითხი არ განიხილება, თუმცა პოლიტიკოსები რუსეთიდან და პრორუსულად განწყობილი ძალები საქართველოში აქტიურად აპროტესტებენ საქართველოში ევროკავშირის ეგიდით ლტოლვილთა ბანაკების შესაძლო გახსნას, რაზეც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

“ეს იყო უბრალოდ ინტერვიუ, რომელშიც ის ამ საკითხს შეეხო. უმჯობესი იქნება, თუ განცხადების კონტექსტის უკეთ წარმოსაჩენად ავსტრიაში არსებულ ვითარებას განვიხილავთ”, – ასე გამოეხმაურა არად ბენკო, საქართველოში ავსტრიის სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის ინტერვიუს, რომელიც გერმანულმა “ბილდტმა” გამოაქვეყნა.  

“ჩვენ გვჭირდება ცენტრები მიგრანტებისათვის ევროკავშირის საზღვრებს გარეთ, რომლებიც UNHCR-ის დახმარებით იმუშავებენ. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, სად განთავსდება ისინი. მთავარია, რომ მათ უზრუნველყონ იმ არალეგალურად გადაადგილებული პირების დაცვა, რომლებიც ევროპისაკენ მოდიან და დააბრუნონ ისინი იქ [ცენტრებში]. ასეთი დაწესებულებები შესაძლოა განთავსდეს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ეგვიპტე, საქართველო ან სხვა ქვეყნები დასავლეთ ბალკანეთში,” – ამბობს მინისტრი ინტერვიუში.

“ეს აზრი ნამდვილად დააფიქსირა მინისტრმა, თუმცა ეს არის ერთ-ერთი ძალიან ბევრი იდეიდან. ეს არასდროს განხილულა ოფიციალურ დონეზე. სებასტიან კურცი იმყოფებოდა საქართველოში და ეს საკითხი არ ყოფილა განსჯის საგანი. ეს იყო უბრალოდ იდეა, რომელიც გაჟღერდა ინტერვიუში,” – განმარტავს ავსტრიის ელჩი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მისი თქმით, მიგრაციისა და მიგრანტების პრობლემა ავსტრიაში მწვავედ დგას: 2015 წელს ქვეყანაში 90 000 თავშესაფრის მაძიებელი დარგისტრირდა, 80-დან 100 000-მდე კი გადაადგილდა – ნაწილი დარჩა, ნაწილი კი გერმანიაში, ჰოლანდიაში ან შვეიცარიაში გადავიდა. გასულ წელს ავსტრიას 33 000 თავშესაფრის მაძიებელმა მიმართა.

ავსტრია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სირიელი მიგრანტები მიიღო. თუმცა ქვეყანაში მემარჯვენე ცენტრისტების მხარდაჭერის პოპულარობის ზრდასთან ერთად შეიცვალა დამოკიდებულებებიც. მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის კონსერვატიული “ავსტრიის სახალხო პარტიის” წევრია სებასტიან კურცი. კურცი საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მომხრეა და ჯერ კიდევ 2015 წელს ამბობდა, რომ მიგრანტთა კრიზისი უჩვენებს, რომ ევროკავშირი “დასრულებული პროექტია და მას განვითარებას სჭირდება”.

მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრებზე სებასტიან კურცი მსგავს განცხადებებს ამ დრომდეც აკეთებდა. მინისტრი აცხადებს, რომ ავსტრია პრობლემის დასაძლევად საჭიროზე მეტს ხარჯავს, ამიტომ გერმანელ კოლეგებს ცენტრების გახსნა ჩრდილოეთ აფრიკაშიც შესთავაზა, თუმცა როგორც “ალ ჯაზირა” წერს, იდეას გერმანელებმა არარეალისტური უწოდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და  საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი თბილისში.  03.02.17

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი თბილისში. 03.02.17

2016 წლის ზაფხულში ის ბერძნულ კუნძულებზე ბანაკების გახსნასაც ემხრობოდა, რამაც უფლებადამცველების პროტესტი გამოიწვია. სებასტიან კურცი აცხადებდა, რომ სანამ თავშესაფრის შესახებ განცხადებების განხილვა დასრულდებოდა, მიგრანტები კუნძულებზე მოწყობილ ცენტრებში უნდა განთავსებულიყვნენ. მოდელს ის მხოლოდ ავსტრიისათვის განიხილავდა, თუმცა ამბობდა, რომ შესაძლებელი იყო ის ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც მორგებოდა.

ამჟამად, ავსტრიაში არალეგალური მიგრაცია მნიშვნელოვანი პრობლემაა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ავსტრიის მმართველი კოალიცია გეგმავს მიიღოს კანონი, რომლის თანახმადაც ყველა მიგრანტს, რომელსაც თავშესაფარზე ავსტრია უარს ეტყვის, მოეხსნება სოციალური დახმარება და მათ დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვულფგანფ სობოტკამ განცხადა, რომ ვალდებული არ იქნებიან ისინი საჭმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყონ. ავსტრიის მკაცრ პოლიტიკასა და მათ მიერ დაგეგმილ რეფორმებს აკრიტიკებენ ევროკავშირში.

“საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამ საქართველოს მოქალაქეებში განცხადებამ გაღიზიანება გამოიწვია და მას ნეგატიური შეფასებები მოჰყვა, რაც ჩემთვის გასაგებია”, – აცხადებს ავსტრიის ელჩი საქართველოში.

48001

მიგტანტები ავსტრია-უნგრეთის საზღვარზე გერმანიაში გასამგზავრებლად ემზადებიან. ფოტო: EPA/BALAZS MOHAI

საქართველოს მთავრობამ ცალსახად განაცხადა, რომ ლტოლვილთა ბანაკის გახსხნის საკითხი ოფიციალურად არასდროს განუხილავთ. ავსტრიის ელჩმაც დაადასტურა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მინისტრის იდეაა და მეტი არაფერი. ამის მიუხედავად, რუსეთის ოფიციალური პირები უკვე გამოდიან და ეწინააღმდეგებიან საქართველოში ბანაკების გახსნას. რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილემ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ფრანც კლინცევმა “რია ნოვოსტთან” საუბარში განაცხადა, რომ თუ საქართველოში სირიელი მიგრანტები გამოჩნდებიან, ეს რუსეთსაც შეუქმნის საფრთხეს.

“მეზობელი რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტში და სამხედრო დოქტრინაშიც პირდაპირ წერია, რომ რუსეთის რომელიმე მეზობელ ქვეყანაში საფრთხის შემთხვევაში რუსეთი იტოვებს უფლებას განახორციელოს სამხედრო დარტყმა. ასეთ საფრთხედ კი შეიძლება მიჩნეულ იქნას ძირითადად სუნიტური სირია-თაუნები. ისე ცნობისთვის, სირიიდან ქრისტიანები არ ჩამოვლენ, რამდენადაც ისინი ასადის რეჟიმის მფარველობის ქვეშ არიან. ჩამოვლენ სწორედ სუნიტები, მეტწილად ISIS-ის კონტინგენტი და მისივე დვრიტა. ზუსტად ეს იციან რუსულმა სპეცსამსახურებმა, რის გამოც ისინი უკვე წინანდელი პანკისის მსგავს სიტუაციებზე საუბრობენ. ამიტომაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმა თავშიც არ გაივლოს ხელისუფლებამ!” – ასე გამოეხმაურა კონსტანტინე გამსახურდია, პარტია “თავისუფლების” ლიდერი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ზემოთ აღნიშნული განცხადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. გამსახურდიას პარტია 2016 წლის არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსთან” ბლოკში მონაწილეობდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურნენ საქართველოს პატრიორთა ალიანსშიც და შეაფასეს ის “საფრთხეები, რაც თან შეიძლება ახლდეს ამ იდეის განხორციელებას”. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ ამის საწინააღმდეგოდ ჰქონდეს მტკიცე პოლიტიკა. ამავე პარტიის ეგიდით იყრიდა 2016 წლის არჩევნებში ლადო სადღობელაშვილი, რომელიც ფეისბუკში წერს, რომ სირიელებისათვის თბილისის შემოგარენში რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსია გამოყოფილი.

სირიიდან ლტოლვილების მასობრივად შესაძლო ჩასახლების შესახებ არასწორი ცნობების გავრცელება იყო გამოყენებული მოლდოვაში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პროდასავლელი კანდიდატის მაია სანდუს წინააღმდეგ, რის შედეგაც არჩევნებში პრორუსმა იგორ დოდონმა გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი