ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ინტერნეტმომხმარებლებსა და პროვაიდერებს შეზღუდვებს უწესებენ

6 მარტი, 2017 • 2393
აზერბაიჯანის ინტერნეტმომხმარებლებსა და პროვაიდერებს შეზღუდვებს უწესებენ

აზერბაიჯანში ინტერნეტის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავეს. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ცვლილებები საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებების დასაცავად არის მიმართული. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები კი, ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვად განიხილავენ.

ცვლილებებთან დაკავშირებულ ვრცელ ინფორმაციას კავკაზსკი უზელი ავრცელებს.

“ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის” და “ტელეკომინიკაციების შესახებ”  აზერბაიჯანის კანონებში ცვლილებებს 2017 წილს 7 მარტს, აზერბაიჯანის მილი მეჯლსის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ორივე კანონი პარლამენტში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივით შევიდა.

“ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის” კანონში შევა ისეთი თავი, როგორიცაა “ინტერნეტსაინფორმაციო რესურსები”, რომელიც დაარეგულირებს ინტერნეტრესურსების შექმნასა და აღრიცხვას, ასევე აკრძალული ინფორმაციის გავრცელებას და აკრძალული ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას. ასევე, ქვეყნის აღმასრულებელ ორგანოს უფლებამოსილება ეძლევა დაარეგისტრიროს და განსაზღვროს აზერბაიჯანული ეროვნული დომენის “az” გამოყენება.

კანონი, ასევე, ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ვებ-გვერდზე არასწორი რეკვიზიტების მითითებისთვის.

როგორც დეპუტატი, პრესის საბჭოს თავმჯდომარე აფლატუნ ამაშევი ამბობს, ცვლილებები მიმართულია ინტერნეტში ისეთი ინფორმაციის გავრცელების შესაზღუდად, როგორიცაა “ძალადობის პროპაგანდა, რელიგიური ექსტრემიზმი, ეროვნული, რელიგიური და რასობრივი შუღლის გაღვივება, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოების გათქმა, შეურაცხყოფა და ცილისწამება, პირადი და ოჯახის ცხოვრების საიდუმლოებების გამჟღავნება”.

მოთხოვნის შემთხვევაში, ვებ-გვერდის მფლობელი ვალდებული ხდება, ესა თუ ის ინფორმაცია წაშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე “კანონდამრღვევი” ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს. კანონის შესაბამისად, შექმნილი იქნება ასეთი ვებ-გვერდების “შავი სიის” დახურული რეესტრი და სწორედ პროვაიდერები  ხდებიან ვალდებული ასეთ ვებ- გვერდებზე წვდომა შეზღუდონ.

ასევე, მოხდება ინტერნეტ პროვაიდერებისა და ოპერატორიების აღრიცხვა, მათი პასუხისმგებლობა კანონდარღვევებისთვის. ისინი ვალდებული ხდებიან, გამოთხოვილი ინფორმაცია სამ დღის განმავლობაში ან დაუყოვნებლივ მიაწოდონ სახელმწიფოს.

როგორც გამოცემა კავკაზსკი უზელთან საუბარში ოსმან გიუნდიუზი, არასამთავრობო ორგანიზაციის “საინფორმაციო სისტემები და მულტიმედია ტექნოლოგიების ცენტრის” ხელმძღვანელი ამბობს, აღნიშნული ცვლილებები “ძალიან სერიოზულ გავლენას იქონიებს  ონლაინ მედიის, აზერბაიჯანის ინტერნეტმომხმარებლების, პროვაიდერებისა და ოპერატორების საქმიანობაზე”.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილი ცვლილებს განიხილავს საფრთხედ მედიის თავისუფლებისთვის და აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებებიაზერბაიჯანის კონსტიტუციით გათვალისწინებული გამოხატვის შეზღუდვაა, რაც დაუშვებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი