ახალი ამბებისამართალი

საგამოძიებო სამსახური სამინისტროს მაღალჩინოსანს წამლების კომპანიების ლობირებას ედავება

6 მარტი, 2017 • 6456
საგამოძიებო სამსახური სამინისტროს მაღალჩინოსანს წამლების კომპანიების ლობირებას ედავება

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურმა სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი დააკავა. მათივე ცნობით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, აღნიშნულ ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც, ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25 – 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურეობირივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას. მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი