ახალი ამბები

დვალი ხალვაშთან შეხვედრაზე: ვერ გეტყვით, რომ რამეზე გადაწყვეტილება მივიღეთ

6 მარტი, 2017 • 2594
დვალი ხალვაშთან შეხვედრაზე: ვერ გეტყვით, რომ რამეზე გადაწყვეტილება მივიღეთ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის თქმით ის და კიდევ ერთი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშს შეხვდნენ, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საკითხზე არ მიუღიათ.

“მე მინდა გითხრათ, რომ მთლად არ ვიზიარებ იმ ოპტიმიზმს, რომელიც გუშინ მოვისმინეთ ქიბარ ხალვაშისგან, ჩვენს შორის შედგა შეხვედრა ხანმოკლე. ღრმა დეტალებში ჩვენ არ შევსულვართ, მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ რამეზე გადაწყვეტილება მივიღეთ. ერთადერთი რაზეც ნამდვილად შევთანხმდით, არის ის, რომ ამ წუთას უფრო ღრმად ამ საკითხის განხილვას, ვინაიდან კვლავ სასამართლოშია საქმე, ამ შემთხვევაში სტრასბურგში, აზრი არ აქვს და სამომავლოდ გადავდეთ. მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო საუბრის შინაარსი. ჩვენ ასევე დავუფიქსირეთ და ავუხსენით ჩვენი პოზიცია, თუ რამდენად პრინციპულია, მქონდეს ბერკეტები, როგორც გარანტია იმისი, რომ “რუსთავი 2″ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა იქნება და ცენზურა არ იქნება”,- განაცხადა დავით დვალმა “იმედის დროს” ეთერში.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 4 მარტს განაცხადა, რომ მან მიაღწია შეთანხმებას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებთან ტელეკომპანიის წილების გაყოფასთან დაკავშირებით. ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში, ხალვაშმა თქვა, რომ ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი მიღწეული შეთანხმების თანახმად, მიიღებენ კომპანიის ნახევარს და დვალი ასევე, გახდება ტელევიზიის დირექტორი. თუმცა მიღწეულ შეთახმებას აქვს სხვა პირობებიც:

“მაგ პირობას აქვს სხვა პირობებიც, რომლებზეც ჩვენ არ გვილაპარაკია. 50/50-ზე მისაღებია, დანარჩენი პირობების შესრულების შემთხვევაში.

გარკვეულია ყველა დეტალი, უბრალოდ მე ფაქტობრივად მომეჩვენა, რომ ჩემმა პარტნიორებმა… მე პარტნიორებს ვეძახი მათ, თუ ეს მორჩება – ისინი არ არიან პარტნიორები დღეს, მაგრამ იმედია გავხდებით. დავით დვალი, როგორც მოლაპარაკებული ვიყავით, დირექტორი იქნება. ეს შეთავაზებულია. შეთავაზება იყო მოლაპარაკების პროცესში, გარიგების პროცესში. აინტერესებდა და მისაღებია ჩემთვისაც და მისთვისაც.”

1 მარტს დვალმა და აქიმიძემ გამართეს პრესკონფერენცია და საზოგადოებას შეახსენეს ის პირობები, რის შესახებაც, როგორც თვითონ ამბობენ, 2015 წელს ხალვაშთან შეთანხმდნენ. მათი თქმით, ამ შეთანხმების მიხედვით, მათ უნდა მიეღოთ წილის 50%, პლუს მენეჯმენტი, ასევე არხის ტექნიკურ გადაიარაღებაზე ფინანსური რესურსი ხალვაშს უნდა დაეხარჯა. დვალმა ნეტგაზეთთან ასევე გაიხსენა ტელევიზიის სამომავლო საქმიანობის 3-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის ირგვლივაც მხარეები გარიგდნენ.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 8 მარტამდე შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს აღსრულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი