ახალი ამბები

ხალვაში: დვალთან და აქიმიძესთან რ2-ის წილებზე შეთანხმება მიღწეულია

4 მარტი, 2017 • 20322
ხალვაში: დვალთან და აქიმიძესთან რ2-ის წილებზე შეთანხმება მიღწეულია

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, მან მიაღწია შეთანხმებას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებთან ტელეკომპანიის წილების გაყოფასთან დაკავშირებით. ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში, ხალვაშმა განაცხადა, რომ ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი მიღწეული შეთანხმების თანახმად, მიიღებენ კომპანიის ნახევარს და დვალი ასევე, გახდება ტელევიზიის დირექტორი. თუმცა მიღწეულ შეთახმებას აქვს სხვა პირობებიც:

“მაგ პირობას აქვს სხვა პირობებიც, რომლებზეც ჩვენ არ გვილაპარაკია. 50/50-ზე მისაღებია, დანარჩენი პირობების შესრულების შემთხვევაში.

გარკვეულია ყველა დეტალი, უბრალოდ მე ფაქტობრივად მომეჩვენა, რომ ჩემმა პარტნიორებმა… მე პარტნიორებს ვეძახი მათ, თუ ეს მორჩება – ისინი არ არიან პარტნიორები დღეს, მაგრამ იმედია გავხდებით. დავით დვალი, როგორც მოლაპარაკებული ვიყავით, დირექტორი იქნება. ეს შეთავაზებულია. შეთავაზება იყო მოლაპარაკების პროცესში, გარიგების პროცესში. აინტერესებდა და მისაღებია ჩემთვისაც და მისთვისაც.”

“დვალს და აქიმიძეს რა უდევთ გულში არ ვიცი და მე რა მიდევს ვიცი. მე როდესაც რამეს ვიტყვი, ვცდილობ რომ შევასრულო.

როცა ვლაპარაკობთ სამპუნქტიან, შვიდპუნქტიან თუ დაზეპირებულ თემებზე, იმ 50/50-ს სხვა რამეც მოყვება. სხვა რამე არის ის,  რომ მე, რომ ინვესტორი ვარ და შენ, რომ მიიღებს შენს წილს, მე უნდა ვხარჯო და შენ მენეჯერი იყო და ხელფასი აიღო, ეგრე არ გამოვა. ამისთვის მე მჭირდება სხვა გარანტიები, რომ როდესაც შენ ტელევიზია გადმოგეცემა, შენ შენს წილებს არ მიყიდი ვიღაცას და არ გამდიდრდები და მე არ დამტოვებ ვიღაცასთან პირისპირ,” – ამბობს ხალვაში.

მას ასევე ჰკითხეს დავით დვალის 3 მარტს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, როდესაც დვალმა თქვა, რომ რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება. კითხვაზე რატომ გააკეთა დვალმა ეს განცხადება ხალვაში პასუხობს:

“მე არ ვიცი რატომ. ყველას უნდა, რომ იმიჯი აიმაღლოს და მაგის თქმას რა უნდა. მეც მინდა ეგეთი რაღაცები ვილაპარაკო, ვერ დავუშლი ადამიანს თავისი თავის უკეთესად წარმოჩენას.”

1 მარტს დვალმა და აქიმიძემ გამართეს პრესკონფერენცია და საზოგადოებას შეახსენეს ის პირობები, რის შესახებაც, როგორც თვითონ ამბობენ, 2015 წელს ხალვაშთან შეთანხმდნენ. მათი თქმით, ამ შეთანხმების მიხედვით, მათ უნდა მიეღოთ წილის 50%, პლუს მენეჯმენტი, ასევე არხის ტექნიკურ გადაიარაღებაზე ფინანსური რესურსი ხალვაშს უნდა დაეხარჯა. დვალმა ნეტგაზეთთან ასევე გაიხსენა ტელევიზიის სამომავლო საქმიანობის 3-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის ირგვლივაც მხარეები გარიგდნენ.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 8 მარტამდე შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს აღსრულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი