ახალი ამბები

სონღულაშვილი: სიტყვის თავისუფებისათვის ბრძოლა უზენაესის ნებაა

4 მარტი, 2017 • 4173
სონღულაშვილი: სიტყვის თავისუფებისათვის ბრძოლა უზენაესის ნებაა

მშვიდობის კათედრალური ტაძრის წინამძღოლი, ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლებს განცხადებით ეხმაურება. ეპისკოპოსი სიტყვის თავისუფლებისა და კრიტიკული მედიის მნიშვნელობაზე საუბრობს:

“ზოგჯერ ისე გვგონია, რომ ადამიანის უფლებები დემოკრატიის ნაწილია. არადა ეს პირიქით არის დემოკრატია, სიტყვისა და პრესის თავისუფლება, რწმენისა და სინდისის თავისუფლება ეს ყველაფერი ნაწილია ადამიანის უფლებებისა. დემოკრატია მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ უფლებებისა.

როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში მრავალფეროვანი და კრიტიკული მედიის არსებობას საფრთხე ექმნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. არა მხოლოდ ერთსა და ორ უფლებას, არამედ ყველას.

ყველამ ვიცით, რომ ამა წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ერთხმად მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გარშემო მიმდინარე დავასთან დაკავშირებით. მიღებულმა გადაწყვეტილებამ აღაშფოთა ყველა ერი და ბერი.

შეიძლება ვინმეს გულზე არ ეხატებოდეს რუსთავი 2, მაგრამ ყველანი უნდა მივხვდეთ, რომ რუსთავი 2-ის ხელყოფა და ნებისმიერი კრიტიკული მედია საშუალების ხელყოფა საქართველოში, თითოეული ადამიანის უფლებებს ლახავს.

მე ამაყი ვიქნები, თუ საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეობრივ მოვალეობას შესრულებს და რუსთავი 2 საქმეს შეხედავს არა პარტიული და პარტიზანული, არამედ სახელწიფოებრივი პერსპექტივიდან. მე ამაყო ვიქნები თუ რუსთავი 2-ის მიმართ თანადგომას გამოხატავენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც რუსთავი 2-ს კრიტიკის ქარ-ცეცხში ჰყავს გამოტარებული არაერთხელ და ორჯერ.

მე ამაყი ვიქნები თუ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი,ასევე ქაბატონი იუსტიციის მინისტრი (მსგავსად პირველი ლედისა) ერთად მივლენ რუსთავის 2-ის შენობასთან თავიანთი თანადგომის გამოსახატავად. ეს ისეთი დროა, როდესაც ყველამ განზე უნდა გადავდოთ ჩვენი პარტიული ლოიალობები და პოლიტიკური პრეფერენციები. დღეს ყველანი ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე უნდა დავდგეთ.

ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლის დროს, სელმას მარშის შემდეგ დიდი ებრაელი რაბინი, ჯოშუა ჰერშელი, რომელიც მარტინ ლუთერ კინთან და სხვებთან ერთად ამ მარშს მიუძღოდა, აღტაცებული წერდა “იმ დღეს ჩემი ფეხები ლოცვად იყვნენ გადაქცეული.” ვისთვისაც ქრისტიანობა ანდა რელიგია მართლა რამე ღირებულებას წარმოადგენს, მან უნდა გაიაზროს, რომ ამ დიდმარხვაში ადამიანის უფლებების დაცვა იგივეა, რაც მარხვა და ლოცვა. სიტყვის თავისუფებისათვის ბრძოლა უზენაესის ნებაა და ასე უნდა შევხედოთ მას ყველამ.” – აცხადებს ეპისკოპოსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი