11081

ლგბტ თემის წევრების თქმით, ჰომოფიბიურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “თემიდას” აღმასრულებელი დირექტორის, კობა ბიწაძის ინფორმაციით, 3 მარტს, 23:30 საათზე ლეონიძის ქუჩაზე ტრანსგენდერ ქალსა და გეი მამაკაცს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ორმა უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შსს-ში აცხადებენ, რომ დაპირისპირებული მხარები გამოიკითხნენ და მათ ერთმანეთთან პრეტენზიები არ ჰქონდათ, თუმცა ბიწაძის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

კობა ბიწაძის თქმით, უცნობმა პირებმა ტრანსგენდერი ქალი და გეი მამაკაცი გააჩერეს და მათ ფული სთხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთ-ერთმა მათგანმა მათთვის მობილურის სროლაც სცადა, თუმცა გვერდით მყოფმა ის შეაჩერა. შელაპარაკება საკმაოდ ხანს გაგრძელდა, ამიტომ დაზარალებულებმა პატრული გამოიძახეს. როდესაც ეკიპაჟი ადგილზე მივიდა უცნობები უკვე წასულები იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მოგვიანებით ისევ ჩამოიარა იმავე ქუჩაზე და პოლიციამ ის ამ დროს დააკავა.

“ჩვენ დავრჩით ადგილზე და ცოტა ხნის შემდეგ იქ მეორე თავდამსხმელიც მოვიდა. ნადვილად ვიცით, რომ ის იყო. უნდოდა ერთ-ერთი დაზარალებულის გვერდით გაყვანა, რაზეც უარი ვუთხარით. შემდეგ გვესაუბრა და გვითხრა, რომ 12 წელი ციხეში იჯდა და ახლა აქვს პირობითი. თავს გვაცოდებდა. ჩვენ მაინც დავრეკეთ პოლიციაში, მოვიდნენ და ისიც დააკავეს,” – ამბობს ბიწაძე.

შსს-ში ამბობენ, რომ დაზარალებულები ადგილზე გამოიკითხნენ, ხოლო დაკავებულები განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ. ასევე აცხადებენ, რომ მხარეებს ერთმანეთთან პრეტენზიები არ ჰქონდათ. დაკავებულები გაათავისუფლეს.

“შესაბამისი გამოკითხვის ოქმები შედგა. მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფა გამოიკვეთა. დაზარალებულმა მხარემ განაცხადა, რომ პრეტენზია არ ჰქონდათ. თუ რაიმე პრობლემას ხედავენ, უნდა მიმართონ იმავე განყოფილებას განცხადებით და საქმის მოკვლევა ისევ განახლდება,” – ამბობენ შსს-ში. მათივე ინფორმაციით, დაზარალებულებს ბოდიშიც მოუხადეს დაკავებულებმა.

ბიწაძე კი აცხადებს, რომ მათთვის ბოდიში არავის მოუხდია და ასეც რომ იყოს, მათთვის ბოდიში საკმარისი არ არის და პოლიციისაგან სხვა სახის რეაგირებას ელიან:

“აქ არის დამაძიმებელი გარემოებაა – ეს იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და არა უბრალოდ ხულიგნობა. ბოდიში დაზარალებულებისთვის არავის მოუხდია. შეიძლება, მან თქვა პოლიციასთან საუბარში, რომ მოიხადა ბოდიში, მაგრამ ჩვენ არავინ დაგვკავშირებია. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ დაზარალებულების უფლებების დასაცავად მუშაობა.” – აცხადებს ბიწაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

ავტორი